ჭადრაკი

1:53 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული საჭადრაკო კლუბი ევროპის ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს!

გრძელდება ქართული საჭადრაკო კლუბ “ნონას” ჩინებული ასპარეზობა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის წარმომადგენელი გუნდი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატში თამაშობს და 4 ტურის თავზე ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს.

ქართველ მოჭადრაკეთა მორიგი “მსხვერპლი” რუსული “უგრა” შეიქმნა – 2.5:1.5. ნანა ძაგნიძემ (2566) შავი ფიგურებით ანა უშენინას (2481) სძლია, ბელა ხოტენაშვილმა (2507) თეთრებით ნატალია პოგონინა (2482) დაამარცხა, სალომე მელია (2464) შავებით ბაირა კოვანოვას (2399) დანებდა, ხოლო ერთადერთი ყაიმი ნინო ბაციაშვილმა (2426) მარინა გუსევასთან (2352) გააფორმა.

შედეგად, “ნონამ” 8 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტს – კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ლადიას”, რომელმაც ებრაული “რიშონ ლეციონი” 3.5:0.5 დაამარცხა, 2 ქულით უსწრებს. მე-5 ტურში ცენტრალური სწორედ “ნონას” და “ლადიას” დაპირისპირება იქნება. ამ უკანასკნელის რიგებში რუსები ალისა გალიამოვა (2472), ელენა ზაიაცი (2401) და კარინა ამბარცუმოვა (2278), ამერიკელი ანა ზატონსკიხი (2469) და თურქი ეკატერინა ატალიკი (2421) ირიცხებიან.

4 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს “ნაშე ნასლედიეს” (რუსეთი), შემდეგ 4-4 ქულით, “უგრა” და “მონტე-კარლო” მოდიან, გერმანულ “ბად კონიგსჰოფენს” 3 ქულა აქვს, “რიშონ ლეციონს” – 2, კიდევ ერთი ებრაული გუნდი “ჰერცლია” კი, ჯერჯერობით, უქულოდაა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 7 ტურად მიმდინარეობს და 20 სექტემბერს დასრულდება, 18-ში დაგეგმილ მე-5 ტურში კი, “ნონა”-“ლადიას” გარდა, “რიშონ ლეციონი”-“ნაშე ნასლედიე”, “მონტე-კარლო”-“უგრა” და “ბად კონიგსჰოფენი”-“ჰერცლია” ითამაშებენ.

0.116098