კალიფორნიის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის დასრულების შემდეგ პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელები ფლორიდის შტატში გადაინაცვლებენ, სადაც “ზამთრის უიმბლდონად” წოდებულ მაიამის შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩატარდა ასპარეზობის კენჭისყრა, რომელმაც საასპარეზო ბადე გამოკვეთა.
მამაკაცთა ტურნირის პირველი ნომერი და მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტზე 22 მარტს გავა, სერბის მოწინააღმდეგეს კი ლუქსემბურგელი ჟილ მიულერისა და ჩეხი ლუკაშ როსოლის შეხვედრა გაარკვევს. მეორე ნომრად განთესილი შოტლანდიელი ენდი მარეი ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და ერთ-ერთ კვალიფიციამოვლილს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება, მესამე ნომერი ესპანელი დავიდ ფერერი კი საკვალიფიკაციო ტურნირის 2 იღბლიან მოთამაშესთან შეეცდება მესამე წრეში გაღწევას. ჩეხი ტომაშ ბერდიხის (4) მეტოქეს უზბეკი დენის ისტომინისა და ესპანელი დანიელ ხიმენო-ტრავერის პაექრობა გაარკვევს.
სამწუხაროდ, მაიამის “მასტერზ1000”-ს სადღეისოდ პლანეტის 2 ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი დააკლდება. მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის გამარჯვებული 719160 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.
ქალთა ტურნირის პირველი ნომერი სერენა უილიამსი სასტარტო მატჩში შვედ იოჰანა ლარსონსა და იტალიელ ფლავიო პენეტას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. რეიტინგსიის მესამე საფეხურზე მყოფი ბელარუსი ვიკტორია აზარენკა (მაიამიში მეორე ნომრადაა განთესილი) ამერიკელ მედისონ კიზსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ საუკეთესოს შორის წარმატებულს გამოცდის, მარია შარაპოვას (3) ოპონენტს კი კანადელი ეჟენი ბუშარისა და კიდევ ერთი კვალიფიციანტის პაექრობა გაარკვევს.
გაირკვა ანა ტატიშვილის მოწინააღმდეგეც. 23 წლის ქართველი 2 წლით უმცროს ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს შეხვდება და მისი დამარცხების შემთხვევაში მაიამის ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესი ჩინელ ნა ლიზე “გავა”. აქვე იმასაც მოგახზსენებთ, რომ ქალთა ერთეულთა თანრიგის შარშანდელი ჩემპიონი პოლონელი აგნეშკა რადვანსკაა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация