ფეხბურთი

10:42 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გოლი კვიპროსსა და შოტლანდიაში

შოთა გრიგალაშვილმა "ანორთოსისის" რიგებში გოლი გაიტანა. მისი გუნდი შინ "ენოსისთან" 90-ე წუთამდე 1:2-ს აგებდა და გრიგალაშვილმა მარცხნიდან ჩაწოდებულს ერთი შეხებით დარტყმა შეაგება და გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში "ანორთოსისმა" პენალტი შეაგდო და ასე სასწაულად მოიგო. გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ფამაგუსტელები კი მესამე ადგილზე არიან. 

პორტუგალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" შინ 1:0 აჯობა "გიმარაეშს" და კვლავაც მეოთხე ადგილზეა. ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა და აქტიურიც გახლდათ.

ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკმა" გასვლაზე 3:3 ითამაშა "სლავენთან" და მეორე ადგილზეა – 2 ქულით ჩამორჩება ზაგრების 'დინამოს". ილურიძე სასტარტოში გახლდათ და 24-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება.

რუსეთში გია გრიგალავას "ანჟიმ" შინ 0:1 წააგო "ურალთან" და ბოლო ადგილზე დარჩა. გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" მოახდინა სენსაცია და კიევის 'დინამოს" 2:0 აჯობა, რითაც მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ლიპარტია 72-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

"დნიპრომ" კი დონეცკში 1:1 ითამაშა "მეტალურგთან" და მესამე პოზიციაზე დარჩა. ჯაბა კანკავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, სანდრო კობახიძე კი განაცხადს მიღმა დარჩა.

და კიდევ ერთ ქართულ გოლზე, რომელიც შოტლანდიის თასზე გავიდა: "ელჯინმა" შინ 3:5 წააგო ”დანფერმლაინთან" და 85-ე წუთზე შეხვედრის ბოლო გოლი 20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დაჩი ხუციშვილმა მიითვალა თავურით. "ელჯინი" შოტლანდიის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბია და იქ გადასვლამდე, ხუციშვილი პრემიერლიგელი "ინვერნესის" დუბლებში გამოდიოდა. დაჩი ინგლისშიც გახლდათ; "ბარნსლის" აკადემიაში ვარჯიშობდა, ისე კი, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი გახლავთ.

0.238716