“ჟალგირისი”–“რეალის” მატჩის დასრულების შემდეგ (104:105), როდესაც ესპანური გრანდის ლიდერი რუდი ფერნანდესი გუნდის ავტობუსისკენ მიემართებოდა, მას თავს რამდენიმე ლიტველი გულშემატკივარი დაესხა, ფერნადესი ძირს დააგდეს და წიხლები ურტყეს. საბოლოოდ, რუდის პირადი მცველისა და პოლიციის ჩარევის შედეგად ერთი თავდამსხმელი დააკავეს, მეორე მათგანმა კი გაქცევა მოასწრო და ამჟამად ძებნაშია.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირებისას, რომელიც მადრიდში გაიმართა რუდი ფერნანდესი ძალზედ გამაღიზიანებლად იქცეოდა. ერთ ეპიზოდში მან კშიშტოფ ლავრინოვიჩს ესროლა ბურთი სახეში, მეორე შემთხვევისას კი პაულიუს იანკუნასს შეაფურთხა.
მადრიდულმა გუნდმა თავისი გამთამაშებლის დასაცავად ამ მატჩისთვის რუდის რუსი პირადი მცველი დაუქირავა, თუმცა ცემას ვერც ამან გადაარჩინა.