ფიფამ გიბრალტარისა და ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების ფეხბურთის ფედერაციები თავის შემადგენლობაში არ მიიღო. აქედან გამომდინარე, ხსენებული ქვეყნების ნაკრებები რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვერ ითამაშებენ.
გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციამ ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია უკვე შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ შარშან უეფამ გიბრალტარის ფედერაცია 54-ე წევრად მიიღო. ხსენებული ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ევრო-2016-ის შესარჩევში 7 სექტემბერს პოლონეთთან ჩაატარა და 0:7 დამარცხდა. ასევე, გიბრალტარის კლუბებს უფლება აქვთ ევროთასებზე იასპარეზონ.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის შესარჩევში, გიბრალტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.