საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ატლეტიკო” –“ზენიტის” დაპირისპირებაში უპირატესობას მადრიდელებს ანიჭებს. ამის შესახებ მან “როსტოვის” ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.
- დღეს, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “ზენიტი”, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში თქვენი უახლოესი მეტოქეა, “ატლეტიკოს” შეხვდება. თამაშს უყურებთ?
- რა თქმა უნდა.
- უპირატესობას ვის ანიჭებთ?
- ჩემი აზრით, ესპანელებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. “ატლეტიკო” -“ბარსელონას” დაპირისპირებას ვუყურე და მადრიდელები ძალიან კარგად თამაშობდნენ. ვვარაუდობ, რომ საშინაო კედლებში ჩასატარებელ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში “ატლეტიკო” თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
- “ზენიტმა” სტუმრად ასეთ ძლიერ მეტოქეს რა უნდა დაუპირისპიროს?
- არ ვიცი, სპალეტი არ ვარ.
- შეგიძლიათ ივარაუდოთ სანკტ-პეტერბურგელები კვირას “როსტოვის” წინააღმდეგ როგორ ითამაშებენ?
- დიდი ალბათობით, “ზენიტი” აქცენტს შეტევაზე გააკეთებს. მაშინვე წინ წავა და შეეცდება მკაცრი პრესინგი დაგვიწესოს. სანკტ-პეტერბურგელები როსტოვში სამი ქულისთვის ჩამოვლენ, რადგან ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მათთვის თითოეულ დაკარგულ ქულას “ოქროს ფასი” აქვს. თუმცა, არაფრის დათმობას ვაპირებთ და გამარჯვებას შევეცდებით. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რაც ჩემპიონატის დასაწყისში დავამტკიცეთ. მაგალითად, მოსკოვის “დინამოსთან” სტუმრად ჩატარებულ მატჩში ვიგებდით, მაგრამ ფრით დავკმაყოფილდით.
- “ზენიტთან” თამაში როგორ გესახებათ?
- თუ საუბარი ტაქტიკაზეა, მიოდრაგ ბოჟოვიჩის წინასამატჩო დარიგებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება თამაშისთვის განწყობას, მოედანზე უნდა გავიდეთ და 100 პროცენტით დავიხარჯოთ. მოტივაცია უსაზღვროა და მატჩის პირველიდან ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. მითუმეტეს, მხარს ჩვენი ერთგული გულშემატკივრები დაგვიჭერენ. სხვათა შორის, მითხრეს, რომ საკვირაო თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ე.ი. თითქმის მთელი სტადიონი თუ სტუმართა სექტორს არ ჩავთვლით “როსტოვს” უგულშემატკივრებს.