მადრიდის “რეალის” მექსიკელი ახალშენაძენის - ხავიერ ერნანდესის (“ჩიჩარიტო”) დებიუტი, სავარაუდოდ, მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოსთან” შედგება.
“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Marca-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ერნანდესი შეცვლაზე ითამაშებს.
“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა, ვფიქრობ, მას ამ მატჩში გუნდისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია” - თქვა ანჩელოტიმ.
26 წლის “ჩიჩარიტო” მადრიდის “რეალში” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” განათხოვრების წესით გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ კლუბებში - “ჩივასსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში”, ერნანდესი სადებიუტო შეხვედრებში შეცვლაზე შევიდა და ორივე შემთხვევაში თავი გატანილი გოლებით გამოიჩინა.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩი “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის დღეს, 13 სექტემბერს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.