კატალონიურმა “ბარსელონამ” ყოფილი მცველის - ერიკ აბიდალის გამონათქვამს, რომ ავადმყოფობის პერიოდში მას კლუბი ხელფასს არ უხდიდა, ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
კლუბის წარმომადგენლები ჯერ ფეხბურთელს და მის აგენტს დაუკავშირდნენ, შექმნილი სიტუაცია განიხილეს და ოფიციალურ საიტზე განცხადებაც ამის შემდეგ გამოაქვეყნეს.
“ორივე მხარე ადასტურებს, რომ კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის მიმართ არსებული საკონტრაქტო ვალდებულებები სრულად შეასრულა. 2012 წლის იანვარში, მიუხედავად იმისა, რომ აბიდალს სიმსივნის რეციდივის გამო და საოპერაციო მაგიდაზე მოუხდა დაწოლა, “ბარსელონამ” მას ფეხბურთელის მიერ მოწონებული კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რომელიც ბონუსებს ითვალისწინებდა. 2012 წლის მარტში, კლუბმა არ გაააქტიურა პუნქტი, რომელიც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებდა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მოქმედება იმ დრომდე შეჩერდა, სანამ ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, აბიდალი იღებდა შეთანხმებულ ყოველთვიურ ხელფასს, ხოლო მწყობრში ჩადგომის შემდეგ, მან კონტრაქტით გათვალისწინებული თანხაც მიიღო. 2013 წლის ივნისში, როდესაც აბიდალის კონტრაქტი იწურებოდა, კლუბმა და მოთამაშემ კონტრაქტი გაწყვიტეს” - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე.