კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ხორდი ალბას, ვიქტორ ვალდესის, ლიონელ მესის, კრისტიან ტელიოსა და ალექსის სანჩესის შემდეგ, ტატა მარტინოს ადრიანოც გამოაკლდა.
ადრიანოს ტრავმა ნიშნავს, რომ ტატა მარტინოს განკარგულებაში არცერთი მარცხენა მცველი არაა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ დანი ალვესის ტრავმის გამო, მარტინ მონტოია მარცხენა ფლანგზე ვერ ითამაშებს. არგენტინელი სპეციალისტი რთული სიტუაციიდან გამოსვლას, სავარაუდოდ, კარლეს პუიოლის ფლანგზე დაყენებით შეეცდება.
ადრიანოს გარდა, ტრავმირებულები არიან ვალდესი, ტელიო, მესი, ალვესი და ალბა, ხოლო ალექსის სანჩესი დისკვალიფიცირებულია.
“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ 19-კაციან განაცხადში მოხვდა ჩავი ერნანდესი, რომელმაც “გრანადასთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა.
საკადრო პრობლემების გამო, “აიაქსთან” მატჩის განაცხადში “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები, სერხი გომესი, პატრიკი, ადამა ტრაორე და დონგუც მოხვდნენ.