სტატიები

16:49 | 10.01.2012 | ნანახია NaN - ჯერ

ამოცანა კროსვორდის მოყვარულთათვის

ერთი მხრივ, მაღალი, ათლეტური და უმეტესად დაღვრემილი კრიშტიანუ რონალდუ.
მეორე მხრივ, მომცრო ტანის, მოძრავი, თითქმის მუდამ მომღიმარი ლიონელ მესი...
ერთი რამ უდავოდ გადაწყვეტილია: ისინი თავიანთი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელები არიან. სადავო თემა? არსებობს: ვინ პირველია და ვინ - მეორე...
კატეგორიულობა, ძახილის ნიშანი ჯერ გამორიცხულია! წერტილი არ დასმულა! არადა, მოცემულობა ისეთია, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება უნდა შედგეს - აქეთ „რეალი“, იქით „ბარსელონა“, ერთი მხრივ, მადრიდში მოკაშკაშე პატივმოყვარე და თვითკმაყოფილი პირველი ვიოლინო და მეორე მხრივ, კატალონიაში მბრწყინავი, თავშეკავებული და გულმისავალი გუნდური ყაიდის გენია, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს ფეხბურთისთვის...
ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა, მათი ეპოქის მათივე შტრიხ-კოდით დადაღვა - „მესი-რონალდუ“ ანაც „მესიც და რონალდუც“, მაგრამ ეს გამორიცხულია: ერთია „ოქროს ბურთი“, ერთია მეფის სავარძელი და საერთოდ, ფეხბურთში ტემლაკები ეგრე უპრაგონოდ, ყველასთვის არასოდეს რიგდება - ფეხბურთში მკაცრად განსაზღვრული იერარქიაა.
მათზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება. სხვაობა იმდენად თვალშისაცემია, არა მარტო ორ ვარსკვლავს შორის დაპირისპირებაზე, ფეხბურთის განვითარების ორ სხვადასხვა მიმართულებაზეც კი შეიძლება მოყვე. ყველა ვარიანტში მესი და რონალდუ გაცილებით მეტ საფიქრალს აჩენენ, ვიდრე ფეხბურთის ისტორიის სხვა ორი უდიდესი დაპირისპირება: კროიფი და ბეკენბაუერი (რომელთაც საკუთარი კარიერა სხვადასხვა კლუბებში გამოსვლებით გაალამაზეს) და პელე და მარადონა - რომელთა კარიერები საერთოდ არ გადაკვეთილა...
მათ გამუდმებით ადარებენ. ბედის ირონიამ მესი-რონალდუს დაპირისპირებით როგორღაც მეორე პლანზეც კი გადასწია უდიდესი ესპანური კორიდა - ელ კლასიკო, „ბარსა“-„რეალი“... მათი არსებობა ფეხბურთში ორი, განსხვავებულ ორბიტაზე მოტრიალე პლანეტის არსებობასა ჰგავს, რომლებიც მხოლოდ ხანდახან, სწორედ ბარსარეალობის დროს უახლოვდებიან ერთმანეთს.
და იმ დროს, როცა მესი აცხადებს: „ ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს. უბრალოდ, ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რათა დავეხმაროთ საკუთარ გუნდს!“ - ცოტა არ იყოს, გული გეთანაღრება კაცს - მართლა ასე ხომ არ ფიქრობს ეს ბიჭი?
თუნდაც ფიქრში, ქვეცნობიერში მათი დუელის გარეშე ხომ აფსუსია თანამედროვე ფეხბურთი...
ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ არის უცნაური. კლასიკურ დაპირისპირებებს, როგორც წესი, ერთი რამ ახასიათებთ: ერთს მეორე სჭირდება, პირველს მეორე ავსებს. მსგავსი სიდიდის ვარსკვლავების კარიერა სრულიად განსხვავებული, გაცილებით ნაკლებ ეფექტურია ხოლმე, თუკი მათ სიდიადეს ფონად მეორის, დაახლოებით მისივე ყალიბის მოთამაშის არსებობა არ გაჰყვა.
კი, იქნებოდა გაცილებით მეტი ტიტული და ნაკლები ეჭვი, მაგრამ არ იქნებოდა მეტოქე, იერარქია, ჯახი, რაც არის კიდეც ზოგადად ფეხბურთის არსი და საფუძველი.
პარალელი მრავლადაა: მაგალითად, როჯერ ფედერერს ჩოგბურთელობაზე რომ არ ეფიქრა, რაფა ნადალი არც ტიტულს, არც საფიქრალს არავის დაუტოვებდა, იგივე შეიძლება ითქვას რასელსა და ჩემბერლენზე კალათბურთში, ალისა და ფრეზერზე კრივში...
უცნაური, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური კანონზომიერებაა: მესის კარიერა აუცილებლად სხვაგვარად განვითარდებოდა, კრიშტიანუს ლისაბონში ოფიციანტად რომ ემუშავა და პირიქით, რომ არა მესი, მადრიდიდან არავინ ისროდა 130-მილიონიან „შეკვრას“ – „სამეფო კლუბის“ ბოსები ხომ სწორედ ამ „დიდი კუშით“ დაუპირისპირდნენ არგენტინელი გენიოსის კატალონიაში არსებობას.
გამგები გაიგებს: ამ შემთხვევაში საუბარი სულაც არ არის სტატისტიკაზე... რასაკვირველია, რონალდუ მესის გარეშეც გააგრძელებდა აბსურდული რაოდენობის გოლების გატანას, მაგრამ საკითხის არსი სულ სხვაგან იქნებოდა მოსაძებნი: მოხდებოდა ეს მაინცდამაინც მადრიდში? არა მგონია - „რეალის“ მანამდე და დღემდეც არნახული ტრანსფერი მხოლოდ საპასუხო ზალპი იყო კატალონიური კანონადისა.
ეს ყველაფერი როგორღაც ნახევარმომენტსა ჰგავს. თითქოსდა, ლოგიკურად, რონალდუს თამაში არავისზეა დამოკიდებული. მისი იმიჯიც (სარკის ეფექტიანი მზის სათვალეები, ქამრები სპილოს ძვლის ბალთებით და ჟელე ქოჩრისათვის) ასეთივე დარჩებოდა, მაგრამ მასა, საზოგადოება, საფეხბურთო სამყარო მიიღებდა მას სხვაგვარად. ახლა, მესის ფონზე რონალდუს სერიოზული პრობლემა აქვს - მას სათანადოდ ვერ აფასებენ. როგორ არა, ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ იგი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ... მესი...
მესი, რომლის აჩრდილიც ყველგან თან დაჰყვება. რონალდუსთვის ეს ერთგვარი „მთვარის სინდრომია“ - ანათებს, მაგრამ მზისგან ანარეკლი შუქით. აქედან: ზემოხსენებული დაუფასებლობაც - ბუნებრივია, არასათანადო.
მაგალითი? ინებეთ: ინგლისში კომენტატორები დღემდე დავობენ - ნამდვილად სჯობდა კი იგი ნანის?.. ესპანეთში არცთუ იშვიათად მსჯელობენ ერთი შეხედვით არასერიოზულ თემაზე: ხომ არ უჯობს მოურინიოს, რონალდუ სასტარტო შემადგენლობიდან კი არა, სათადარიგოთა სკამიდან ჩართოს თამაშში? ზედაც ნაწყვეტი კროიფის სვეტიდან („ელ პერიოდიკო“): „იგი უნდა გადაეჩვიოს სულსწრაფობას. მეტი მოთმინება სჭირდება. მოქმედებები, ჩანაფიქრი, რომელიც მას სურს, რომ ჩატიოს ორ-სამ წუთში, ასე სწრაფად ვერ სრულდება. აუცილებლად საფიქრალი აქვს იმაზე, თუ როგორ გაანაწილოს ძალები მთელი თამაშის განმავლობაში. რასაკვირველია, იგი მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ მან უნდა სრულყოს მინდორზე პოზიციის სწორად შერჩევის ოსტატობა“.
ასე წერა და საუბარი ყველას არა, მხოლოდ კროიფს შეუძლია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ფეხბურთელს, რომელმაც გაიტანა 40 გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში, 53 - ყველა შეჯიბრში ერთად, 26 წლის ასაკში მოიგო ნაციონალური ჩემპიონატების სამი ტიტული, ოთხი საქვეყნო თასი და ჩემპიონთა ლიგა...
და მაინც, კროიფის ანალიზიც რომ არ იყოს, ალალად, გულზე ხელის დადებით ვთქვათ - განა ხშირად არ გვიფიქრია რონალდუზე, როგორც დიდებულ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერრეალიზებულ ტალანტზე?!
რატომ? პასუხი თითქოსდა ზედაპირზე დევს: რონალდუს გუნდმა „ბარსელონასთან’ მხოლოდ ერთხელ, ისიც დამატებით დროში იმარჯვა, თვითონ კრიშტიანუმ კი, სულაც 2011 წლის აპრილამდე ვერ მოახერხა უპირველესი მეტოქის კარში გოლის გატანა და ასე შემდეგ...
მაგრამ ამას გარდა, არსებობს სხვა, ნაკლებხილული მიზეზებიც და გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ საფეხბურთო სამყაროს ძალიან, ძალიან უყვარს ლიონელ მესი.
ეს უმძლავრესი კონტრასტია. და იგი გამუდმებით რონალდუს საწინააღმდეგოდ მუშაობს. რასაკვირველია, ეს ფაქტორი ვერაფერს აკლებს მესის დიდებულებას - იგი ფეხბურთის უდიდეს გენიათაგანია და ეს ცალსახაა, მაგრამ ასევე ცალსახაა ისიც, რომ ზემოხსენებული სიყვარული სერიოზულად არყევს პორტუგალიელის პოზიციას.
შევეცდები ავხსნა ამ სიყვარულის საფუძველი.
ფეხბურთელები და ალბათ, ზოგადად სპორტსმენები, ძირითადად ორ ჯგუფად იყოფიან: რაციონალურნი და ირაციონალურნი. რაციონალურია მოთამაშე, რომელიც წარმოგვიდგება სწორედ ისეთად, როგორადაც გამოიყურება. ისინი გამოიყურებიან ათლეტურებად და არიან კიდეც ათლეტურები. ისინი გამოიყურებიან ჰარმონიულებად (დაბალანსებულებად) და არიან კიდეც ჰარმონიულები (დაბალანსებულები).
რონალდუ - რაციონალური ფეხბურთელია. საკმარისია, შეხედო მას პლაჟზე და გაიფიქრებ: „კი, ეს ბიჭი ნამდვილად ფეხბურთისთვისაა შექმნილი. თითქმის იდეალური მონაცემები აქვს“.
ირაციონალურ მოთამაშეებს რაც შეეხება... ისინი თითქოს არსაიდან ჩნდებიან. შეხედავ და გარეგნობის საფუძველზე ვერაფრით იფიქრებ, რომ მათ რაიმე ღირსშესანიშნავს მიაღწიეს სპორტის თავის სახეობაში. მაგრამ გამოდიან მინდორზე, კორტზე, პარკეტზე და...
რაღაც მაგიის წყალობით, დროში და სივრცეში ყველაფერი ლაგდება. ისევე, როგორც მესის შემთხვევაში: მის გარეგნობაში არაფერია ისეთი, რაც არათუ დიდი სპორტსმენის, უბრალოდ „ათლეტის“ ასოცოაციას იწვევდეს, მაგრამ მინდორზე...
მინდორზე იგი უბრალოდ პირველია და მისი მაგიის არსი კი, სწორედ იმ გაუგებრობაშია, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ერთ მარტივ კითხვამდე დადის: როგორ ახერხებს ასე... მყისიერად... მარტივად... ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე და თითქმის ყოველთვის...
და ისევ ზოგადი არსი: ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში, ვინც კი ერთმანეთთან დაუპირისპირებიათ, ერთი რაციონალური იყო, მეორე - ირაციონალური. პელეს, რომელიც საუკეთესო მაგალითია სწორედ რაციონალური ფეხბურთელისა, უმეტეს წილად, ადარებდნენ ირაციონალური მოთამაშეების ასევე საუკეთესო მაგალითს - გარინჩას, მოგვიანებით კი მის საჯილდაო ქვად დიეგო მარადონა იქცა: ავი, დაკუნთული და მორგვივით ჩასხმული ნახევარღმერთი - რომლის ცხოვრების სტილი ისევე ეხამებოდა ფეხბურთელისას, როგორც ვთქვათ „კუზმა“ „ბერიკონს“...
კიდევ ერთი მაგალითი: სუსტი, ნატიფი, ბალერონის აგებულების კროიფი და გერმანული კონვეიერის მძლავრი სამარკო ნიშანი - ბეკენბაუერი. მიუხედავად იმისა, რომ „კაიზერმა“ და მისმა გუნდებმა (კლუბმაც, ნაკრებმაც) ტოლი არაფერში დაუდეს კროიფის „აიაქსსა“ და ჰოლანდიას, ფეხბურთის ისტორიას ირაციონალური ყაიდის, ჭირვეული და ქედმაღალი ნიდერლანდელი უფრო დიდ ემოციად შემორჩა, ვიდრე სტაბილური, საიმედო და დიდებული გერმანელი.
ზოგადად, რაციონალური მოთამაშეებით აღფრთოვანებაში მოდიან, ირაციონალურები კი უფრო უყვართ. სავარაუდოდ, გულშემატკივრები ცოტას ფიქრობენ იმაზე, რატომ უყვარდათ ბრაზილიელებს პელეზე, დიდიზე ან ვავაზე მეტად გარინჩა, არგენტინელებს მარადონა უფრო, ვიდრე დი სტეფანო, საქართველოში მესხი, ქინქლაძე, ზაზა ჯანაშია...
ერთგვარად ფსიქოლოგიური მომენტიცაა - როცა მსგავსი ყაიდის ფეხბურთელებს ვუცქერთ, ვფიქრობთ, თითქოს მათთვის უფრო საჭირონი ვართ, ვიდრე - სხვებისთვის, ვერ გეტყვით, რატომ და როგორ ხდება, მაგრამ ქომაგსა და ასეთ ფეხბურთელს შორის რაღაცნაირი, ალოგიკური „იდუმალი ძაფები“ იბმება...
გარინჩას „ხალხის სიხარულს“ ეძახდნენ. ობიექტურად, ფეხბურთისთვის პელე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარადონა, მაგრამ აბა ჰკითხეთ ქომაგს, მასას, საფეხბურთო საზოგადოებას. ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხულია იმ ფაქტში, რომ „მარაკანაზე“, სადაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩები იმართება, სტუმართა გუნდის გასახდელს პელეს სახელი ჰქვია და მასპინძლების, ბრაზილიელებისას - გარინჩასი.
ალბათ, სწორედ ეს არის დემოკრატიის უმაღლესი ფორმაც - როცა ხალხი სიყვარულით ირჩევს.
ირაციონალური მოთამაშეები - ეს არის საშიში კასტა, რთული, ექსცენტრული ხასიათით და მათთვისავე საბედნიეროდ, სწორედ ამ ხასიათის წყალობითაა, ქომაგთან დისტანციას რომ ინარჩუნებენ. მარადონა და კოკაინზე დამოკიდებულება, ზედმეტი წონა, სუიციდური გადახრები და დიქტატორებთან მეგობრობა, კროიფის ქედმაღლობა, პერფექციონიზმი (მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემთვისაც უდიდესი ავტორიტეტია ფეხბურთში, ცალსახაა, რომ უბრალოდ, იგი არ ცნობდა საკუთარ შეცდომებს და პირდაპირ პათოლოგიამდე მისული რწმენით სჯეროდა, რომ შედეგი, გარდა საუკეთესოსი, არ არსებობს, მიუღებელია - კ.გ.) ან მისი წაუსვლელობა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (რისი მიზეზიც მთელი 30 წლის განმავლობაში არ აუხსნია), მექალთანე და ალკოჰოლისტი გარინჩა...
ამ სამი, უდავოდ გენიალური მოთამაშის მაგალითით ნათლად ჩანს, რომ მორალი, ეთიკა, ჩარჩოები არაფერ შუაშია - ფეხბურთში სიყვარულისა და პოპულარობის ფესვები სხვაგანაა საძებარი და არც ისე იოლია ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მაგრამ მესი აქაც გამონაკლისია. იგი ირაციონალურია მხოლოდ თავისი გარეგნობით და იმ არაჯანსაღი სინდრომებით, რომელიც დაბადებიდანვე თან დაჰყვა მის ჯანსა და ორგანიზმს და რომლის აღმოფხვრაზეც საკმაო ხანი იმუშავა „ბარსელონას“ მედპერსონალმა.
სხვა მხრივ, მესი გამონაკლისია-მეთქი და მეტად ეფექტურიც. იგი თამაშობს თავისი ბიჭობის კლუბში და დღემდე ვერ აქციეს ყვითელი პრესის საკბილოდ. ესპანური სამყარო თბილია და გასაკვირიც არაა, რომ მისი ნაცნობები ძალიან ხშირად ადარებენ მზეს, რომელიც ანათებს და ათბობს.
ყველაზე ფანატიკური მადრიდისტაც კი, გვერდზე რომ გადადოს საკლუბო ემოციები და წლების განმავლობაში ნაკვები განწყობა, ენას ვერ მოიბრუნებს ამ უბრალო არგენტინელი ახალგაზრდის ძვირზე. ეს ის ბიჭია, რომელსაც თავზე ხელი უნდა გადაუსვა - წყრომას, სტვენას იგი, უბრალოდ, არ იმსახურებს.
აი, რონალდუს კი უსტვენენ ხოლმე. საკმაოდ ხშირადაც და მერე იბეჭდება მისი პასუხები: „მისტვენენ იმიტომ, რომ მე მდიდარი, ლამაზი და უბრალოდ, უდიდესი მოთამაშე ვარ!“
ძნელია, ასეთი განცხადებით ქომაგის, ანდა ზოგადად საფეხბურთო სამყაროს კეთილგანწყობა დაიმსახურო - ასეთი კაცები უფრო ქალურ ხასიათებს მოსწონთ და აკი არსებობს ირინა შეიკიც...
სხვა სიტყვებით რომ ითქვას, რონალდუ უბედურია მხოლოდ და მხოლოდ მესის არსებობით. მას აქვს ყველაფერი, მაგრამ არ გააჩნია უმთავრესი: უბრალოდ, საფეხბურთო გონის წარმმართავი ძალაა მესის მხარეზე. აბა დავაკვირდეთ, რა შანსი შეიძლება ჰქონდეს რონალდუს, როცა არსებობს პატარა, კეთილი ჯადოქარი, დიდებული ხასიათით, რომელიც თამაშობს პლანეტის ყველაზე მოდურ კლუბში და რომლის შესახებაც ქომაგი მხოლოდ ერთს ფიქრობს - აქვს კი ამ ბიჭს ნაკლი საერთოდ?
რომელ მეტოქეზეა ლაპარაკი...
რონალდუ მესისთვის მხოლოდ თამასაა, კატალიზატორი, ფონი - ისევე, როგორც ბოლო წლების მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთვის“ და არანაირად - მეტოქე. მესის გენია არა მარტო მის ინდივიდუალურ დიდებულებაში გამოიხატება: მას თანაგუნდელები რონალდუსავით „აუცილებლად საჭირო შემსრულებლებად“ როდი სჭირდება, იგი უბრალოდ სუნთქავს გუნდური სულით და მიუხედავად ამისა, ახერხებს მაინც გამოირჩეს დელიკატური და ამოუხსნელი ჩავის, ბურთის ყველაზე დიდი ახლობლის ინიესტას, გოლების მანქანის ვილიას ფონზე...
არის დელიკატურიც, ბურთის ახლობელიც, გოლების მანქანაც - როგორ? რატომ? საიდან? მეც მაინტერესებს - როგორ, რატომ, საიდან ხდება ასეთები.
და მაინც, რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებს. მან მოაგროვა ბევრი პრიზი, მოხსნა უამრავი რეკორდი, იშვიათად, მაგრამ მარტომაც ათრია მადრიდული ვარსკვლავეთი...
გასაგებია, რომ იგი არ არის მესივით ან მესიზე კარგი. მაგრამ მიუხედავად მის მიმართ ჩვენი ასეთი დამოკიდებულებისა, იგი გაცილებით ახლოა ჩვენთან, ვიდრე გვგონია. არ შეიძლება, გიყვარდეს ფეხბურთი და არ გიყვარდეს რონალდუ - ეს ისევ იმ, პელეს და გარინჩას, პელეს და მარადონას, კროიფის და ბეკენბაუერის ლიბრეტოდანაა...
რონალდუ მარტო იმისთვის სჭირდება ფეხბურთს, რომ მესი დედამიწაზე არ დააბრუნოს, არ გაადამიანუროს, არ მოადუნოს და კიდევ დიდხანს აკეთებინოს ის, რასაც ახლა აკეთებს - სწრაფად, უბრალოდ, დიდებულად.
P.შ. მეც მესი მგონია პირველი და მეორე - რონალდუ. და ჩემი აზრით, ასეც დარჩება. რონალდუს დრამასა და მესის ბედნიერებას მათსავე სახეებზე ვხედავ: რონალდუსთვის ფეხბურთი სამუშაოა, ბოლომდე დაჭიმული კუნთი და ძარღვი, ტკივილი და ბოღმა. მესისთვის კი ფეხბურთი სამუშაო არ არის, სიამოვნებაა, პოზიტივი, ღიმილი და გამარჯვებით ტკბობა.
რონალდუს მოქმედებები დაგეგმილია, განსაზღვრული, ნაფიქრ-ნამუშევარი - მაშინაც, როცა მორაგბეებისთვის დამახასიათებელი „გეოდეზიით“ ზომავს ნაბიჯებს ბურთამდე და მაშინაც, როცა გოლის გატანის სიხარულს პირში საწოვარათი ან ვეფხვის კლანჭების იმიტაციით გამოხატავს.
მესი იმპროვიზაციაა, ერთგვარი „მუსიკა ქარში“, დროსა და სივრცეში სიმსუბუქე და საკეთებლით ტკბობა. ამას სხვანაირად ბედნიერება ჰქვია - ასე მგონია, რა ვიცი...
და მაინც, ძახილის ნიშანი ჯერ არ დასმულა - ძახილის ნიშანი ოქროს ქალღმერთ ნიკეს აბარია. პირველობა ისაა, მსოფლიოს რომ გადმოხედავ...

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.117732