Tennis.com-ის ცნობით, ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა გააკრიტიკა ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გალა ლეონ გარსიას ნაკრების კაპიტნად დანიშვნის თაობაზე.
დევისის თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კარლოს მოიამ კაპიტნის პოსტი დატოვა. მსოფლიოს ყოფილი 27-ე ჩოგანი, 40 წლის გარსია ესპანეთის ნაკრების პირველი კაპიტანი ქალი გახდა.
„ქალთა და მამაკაცთა ჩოგბურთს შორის დიდი სხვაობაა. უმჯობესია, კაპიტნად მამაკაცთა ჩოგბურთში გამოცდილება მქონე ადამიანი დაგვენიშნა. გალა ლეონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვიცი მისი შესაძლებლობები. იმედია, თავის საქმიანობას კარგად გაართმევს თავს“, - განაცხადა ტონი ნადალმა.
„არ შევალ სექსისტურ დებატებში. ჩემი მიზანია ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჯგუფში დაბრუნება. მე ვარ ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი, რითაც ყველაფერი ნათქვამია“, - ამგვარია ლეონ გარსიას არგუმენტი.
გარსიას საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 651 მატჩი. WTA-ის მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული - მადრიდის ღია პირველობა 2000 წელს.
ამასობაში, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ, რომელსაც ფრანგი ამელი მორესმო წვრთნის მხარი დაუჭირა გარსიას და წარმატებები უსურვა.