ფეხბურთი

11:30 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როგორი ფერის უნდა იყოს „დინამო არენაზე“ სკამები?

2014 წელი იწურება, სულ რამდენიმე თვეში კი ჯერ გერმანიის ეროვნული ნაკრები ესტუმრება „დინამო არენას“, მერე კი ევროპის ორი უძლიერესი გუნდი სუპერთასზე!!! ჩვენ ბებერ სტადიონს კი განახლება სჭირდება. აკი მოსვლისთანავე „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მოედნის საფარი გამოცვალა, განათება მთლიანად შეაცვლევინა, სარწყავი სისტემის უნიკალური დანადგარები დაამონტაჟებინა, 300 მანქანიანი ახალი პარკინგი მოაწყო, პირველად საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო ოთახი მოაწყო, შიდა რემონტიც ჩაატარა, მალე ბორის პაიჭაძის ულამაზესი ძეგლიც შეემატება აქაურობას, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია ჩვენს საყვარელ არენაზე და თბილისის მერიამ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა ვალებს არ შეუშინდა და საკუთარ თავზე აიღო „დინამო არენის“ უმაღლესი კატეგორიის ტურნიკეტებითა და 56 000 ახალი სკამით უზრუნველყოფის უდიდესი მისია, რაც აუცილებელი პირობა იყო სუპერთასის ჩასატარებლად. ამ და სხვა საკითხებზე „დინამო არენაზე“ შედგა შეხვედრა 2015 წლის უეფას სუპერთასის ჩატარებასთან დაკავშირებული სარემონტო პროცესების გაცნობისა და ამასთან მიმართებაში დამსწრეთა აზრის დაფიქსირების მიზნით. შეხვედრის ინიციატორი მე გახლდით, ხოლო მომხსენებლები: თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და სტადიონის დირექტორი ნიკა ჯღარკავა. შეხვედრას ესწრებოდნენ: არჩილ ქურდიანი - არქიტექტორი, სტადიონის 2006 წლის განახლების პროექტის ავტორი (1936 წლის სტადიონის მშენებლობის პროექტის ავტორის ა. ქურდიანის შვილიშვილი და 1976 წელს ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტის ავტორის გ. ქურდიანის შვილი), სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე, დინამო თბილისის გენერალური დირექტორი ლევან ზუხბაია, სფფ-ს 2015 წლის სუპერ თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა დვალიშვილი, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი კინორეჟისორი გოგი თორაძე, 50 წლიანი სტაჟის ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კოტორაშვილი, ვერის პარკის გულშემატკივრები: დევი დობორჯგინიძე, ვერნი ალფაიძე, გოგი ჭიჭინაძე, ლაშა გოდუაძე სპორტის სამინისტროდან, სტადიონის ცოცხალი ბიბლიოგრაფი მალხაზ ნორაკიძე, ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან ლაშა დალაქიშვილი, გოგა გაბიძაშვილი და სხვა სტაჟიანი მუშაკები. ბრწყინვალე პროექტი წარადგინა თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ, რომელმაც იდეალურად დახატა ტურნიკეტებისა და სკამების დამონტაჟების საკითხი. ძირითადი კამათი სკამების ფერზე წარიმართა, რომელსაც ასევე ბრწყინვალე სიუჟეტი უძღვნა სტადიონის დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ: ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის სკამების ფერების განხილვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა დამსწრე საზოგადოება, რომ 2006 წელს მცდარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სტადიონის სკამების 4 ფერად დაყოფაში. საბოლოოდ, 3 საათიანი ემოციური, ენერგიული და პროფესიული კამათისა და გარჩევების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვედრაზე დამსწრეთა მიერ შემდეგი სახის საერთო მოსაზრებები გაეგზავნა:

  1. სტადიონის სკამების შეფერილობა უნდა იყოს ერთი დომინანტური ფერის, რომელიც დიდად სასურველია იყოს - ლურჯი, ხოლო ალტერნატივის სახით შესაძლებელია რუხი ფერის გამოყენება (ექსპლუატაციის სიმარტივისა და სიიაფის გამო).
  2. ასევე დიდად სასურველია შეიცვალოს სტადიონის ტრიბუნების გარე (ფასადური) შეფერილობა, რომელიც ამჟამად მუქი მწვანე ფერისაა და არ შეესაბამება არც ‘დინამოს’ და არც ეროვნულ ფერებს. სტადიონის კონსტრუქციის გათვალისწინებით აუცილებელია ეს ფერი იყოს ადაპტირებული რუხი ტონალობის (ასევე ექსპლუატაციის სიმარტივისა და სიიაფის გამო).
  3. მოხდეს მედია ტრიბუნის უეფას სტანდარტებთან მაქსიმალურად ადაპტირება, მისი აუცილებელი პირობის - მედია ლოჟის გადახურვის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ სამივე წინადადებას მხარი დაუჭირა სტადიონზე მოსულმა ასობით გულშემატკივარმა თუ ფეხბურთის ვეტერანმა (მათ შორის არათბილისელმა და არადინამოელმა გულშემატკივრებმაც!), რაც ყველამ ხელმოწერით დაადასტურა.

ბოლოს კი გთავაზობთ ევროპის 10 საუკეთესო სტადიონის სკამების ფერთა გამას და ზემოთხსენებული მოსაზრებების სისწორე თქვენთვის მოგვინდია, worldsport.ge-ს მკითხველო!

მამუკა კვარაცხელია

Stadium Seat Color - MINI RESEARCH
0.114487