საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია.
ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა ძალიან ადვილად მოიგო. მერვედფინალში საქართველომ აზერბაიჯანს 4:0 აჯობა სოფიო სომხიშვილის, გურამ თუშიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის და ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებებით, მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 სძლია, ამჯერად თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ იმარჯვეს.
ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე გერმანია იყო და ისევ მარტივი მოგება - 4:0. ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, ჭანტურიამ და მაისურაძემ მოიგეს თავიანთი შეხვედრები.
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, საქართველოს ნაკრების მეტოქე კი, ფინალში იტალიის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ, ხოლო ვერცხლის მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.