ძიუდო

23:01 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ოქრუაშვილი ტურნირიდან მოხსნეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვახტანგ ოქრუაშვილი (+100 კგ) ასტანის გრან პრის პირველივე წრიდან გამოეთიშა. ტურნირის მიმომხილველი ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქართველი მძიმეწონოსანი ყაზახ რუსტამ აბდრაზაკოვთან დამარცხდა, “მსოფლიო სპორტისთვის” კი ცნობილი გახდა, რომ ოქრუაშვილი შეჯიბრებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით გამოეთიშა.

სპორტსმენმა, რომელიც ბოლო დროს ვახტანგ ბიტიევისა და აზერბაიჯანის ნაკრების სახელით გამოდიოდა, ქართული დროშის ქვეშ პირველად სწორედ ყაზახურ ტატამზე იჭიდავა. აბდრაზაკოვსაც გასცდა, მაგრამ...

დიდი ალბათობით, ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ საქართველოს ნაკრების რიგებში ჭიდაობა გახდა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციებს შორის ყველაფერი მოგვარებულია – ვახტანგ ოქრუაშვილი სამშობლოში ორივე მხარის თანხმობის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ძირითადი საკითხის გარდა სხვა ფორმალობაც არსებობს, რომელიც ალბათ ვერ მოესწრო. დეტალები სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება.

საქართველოს მამაკაცთა ნაკრებისთვის ყაზახური გრან პრი ამ ფაქტის გაუთვალისწინებლადაც საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. საქმეში სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო და მათგან საუკეთესო შედეგი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) აჩვენა – მე-7 ადგილი დაიკავა. ლამის ორსეზონიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო არენაზე დაბრუნებული ამბაკო ავალიანი (81 კგ) და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

საქართველო გრან-პრიზე უმედლოდ მაინც არ დარჩენილა – 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ესტერ სტამმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ქართული პასპორტის მქონე ჰოლანდიელმა ასტანური შედეგით 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.120616