„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-16 ტურში სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „უდინეზე“ დაამარცხა, გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი კი, დავიდ ნერეშმა შეიტანა, რომელმაც კვარას ნაცვლად ითამაშა.
მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ თქვა: „ნერეში დღეს ძირითადი შემადგენლობის წევრია. ვინც უკეთეს ფორმაშია ის თამაშობს, ეს არის მესიჯი ყველასთვის“.
სწორედ ამ სიტყვებს იტალიური მედია გამოეხმაურა. ყველასთვის ნათელია, რომ კონტემ ირიბად, მაგრამ მაინც, კვარაცხელია იგულისხმა. აი, რას წერენ გავლენიანი იტალიური გაზეთები:
La Repubblica: „ნაპოლის“ გამარჯვება ბრაზილიელი ნერეშის დამსახურებაცაა. მან ტრავმირებული კვარაცხელიას არყოფნა გუნდს არ დაატყო და ალბათ, ძირითადისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩის შემდეგ კონტე ნერეშის მომავალზე კატეგორიული იყო: „თამაშობს ის, ვინც იმსახურებს და ნერეშმა ვარჯიშებიდან გამომდინარე, აქამდეც დაიმსახურა ძირითადში თამაში“. შესაბამისად, ტრავმის მორჩენის შემდეგ კვარაცხელიას მოუწევს შეტევაში ახალი იერარქიების დამხობა“.
Gazzetta Dello Sport: „მესიჯი ყველასთვის და განსაკუთრებით ერთისთვის, ვინც გუშინ მოედანზე არ იყო, ვინც ალბათ არც გენუაში, „ჯენოასთან“ იქნება. კვარაცხელიას ახლა ორმაგად დახარჯვა მოუწევს, რათა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ „ნაპოლის“ სახე და სიმბოლოა. და აქ არაფერ შუაშია კონტრაქტის განახლების თემა, ეს უბრალოდ, წმინდა ტექნიკური საკითხია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ამჟამად ტრავმირებულია და სავარაუდოდ, წელს დარჩენილი ორივე მატჩი, „ჯენოას“ და „ვენეციას“ წინააღმდეგ გაუცდება.