„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „უდინეზესთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან განსაკუთრებით ბევრი დავიდ ნერეშზე ისაუბრა, რომელმაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და გამარჯვებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. კონტეს თქმით, მის გუნდში ყოველთვის ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც თამაშს იმსახურებენ:
„ნერეშმა დაიმსახურა ძირითად შემადგენლობაში თამაში, ეს ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ის არის ბიჭი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს, ფიზიკურად მოუმატა, დაცვაში თამაშიც გააუმჯობესა და დღეს ძირითადში იყო. ეს ყველასთვის მესიჯია: ვინც უკეთაა, ის თამაშობს. კვარას დაბრუნების შემდეგ თუ ითამაშებს ისევ ძირითადში? შეიძლება ერთადაც ითამაშონ, ასევე, პოლიტანომაც, ამ „ნაპოლიში“ გამორიცხული არაფერია, ვინც უკეთეს ფორმაშია, ის თამაშობს და ყველას აქვს შანსი.
როგორც ვთქვი, ნერეში ბევრს ვარჯიშობს, უმეტესად, უპირატესობას კვარას და პოლიტანოს ვანიჭებდი, მაგრამ ვიცი, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ამ ხუთ თვეში ძალიან გაიზარდა, ფიზიკური კონდიციის მხრივ და დაცვით ფაზაში თამაშითაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე. სერიოზული ბიჭია, რომელსაც ახლა მეტი შანსი აქვს თავისი კლასის საჩვენებლად.
ვმუშაობთ, ეს მოგზაურობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. უნდა ვიყოთ რეალისტები, არ უნდა გვეშინოდეს არავის და არაფრის, უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა, რომ მატჩები მოვიგოთ და წინ ვიაროთ. ვიცით, რომ არავინ არაფერს გვაჩუქებს, ამიტომ, ბრძოლით უნდა მოვიგოთ, რაც დღეს გავაკეთეთ, ბიჭებმა ეს ყველაფერი იციან და ამიტომაც, მშვიდად ვარ“, - აღნიშნა კონტემ.
„ნაპოლის“ 16 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, 21 დეკემბერს, „ჯენოას“ სტუმრად დაუპირისპირდება.