ფეხბურთი

1:03 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" "რეინჯერსი" გაანადგურა, გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშეს

ევროპა ლიგის მეორე ტურში „ლიონმა“ გლაზგოში, „რეინჯერსი“ 4:1 გაანადგურა და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა.

ორ-ორი გოლი მალიკ ფოფანამ და ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ფოფანამ დუბლთან ერთად ორი საგოლე პასიც მიითვალა. გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე იყო და არ უთამაშია. სამწუხაროდ, ქართველს „ლიონში“ საქმეები იდეალურად ნამდვილად არ მისდის. „ლიონი“ ევროპა ლიგაზე 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 ოქტომბერს, „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.

კონფერენს ლიგის პირველ ტურში ლაშა დვალის „აპოელი“ „შემროკ როვერსს“ ესტუმრა და დაუზავდა - 1:1. კვიპროსელები იგებდნენ, მაგრამ 92-ე წუთზე გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ. ლაშა დვალმა მხოლოდ 89-ე წუთიდან ითამაშა. „აპოელი“ მეორე ტურში 24 ოქტომბერს, „ბორაცს“ უმასპინძლებს.

ამავე ტურნირის პირველ ტურში დამარცხდა გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“, რომელმაც შინ პოლონურ „იაგელონიასთან“ 1:2 წააგო. დანიელები იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. გოჩოლეიშვილი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო. „კოპენჰაგენი“ მეორე ტურში 24 ოქტომბერს, სევილიის „ბეტისს“ ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ევროპა ლიგაზე რფს-ის რიგებში ლაშა ოდიშარიამ სტამბოლის „გალათასარაის“ გოლი გაუტანა.

0.118119