სერია A-ს ახალი სეზონი გუშინ დაიწყო, დღეს კი საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიც“ ჩაერთვება.
ანტონიო კონტეს გუნდი „ვერონას“ ესტუმრება, გუნდს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელის საყვარელი მეტოქეა.
სწორედ ვერონაში შედგა კვარას იტალიური დებიუტი ზუსტად ორი წლის წინ, 2022 წლის 15 აგვისტოს, როცა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ზოგადად, „ვერონას“ წინააღმდეგ ხვიჩამ სერია A-ში 4-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაუტანა (3 სტუმრად, 1 შინ). პირველ სეზონში გოლით და საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო გასულ სეზონში ჯერ „ბენტეგოდიზე“ შეასრულა დუბლი, მერე „მარადონაზე“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სასუოლოსთან“ ერთად „ვერონა“ არის გუნდი, რომლის კარში კვარას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი იტალიურ კარიერაში - ორივეს წინააღმდეგ 4-4.
„ვერონა“ – „ნაპოლის“ დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.