ფეხბურთი

15:32 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი Whoscored-ის ვერსიით ევრო 2024-ის სიმბოლურში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა
გიორგიზე მაღალი შეფასება საბოლოო ჯამში არავის მიუღია

სტატისტიკის ცნობილმა ვებგვერდმა WhoScored-მა ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატზე საშუალო, 7.76 ქულის შეფასებით ქართველმა მეკარემ ტურნირის საუკეთესო 11-ეულში მოხვედრა მოახერხა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა: Whoscored-ის ვერსიით, ევროპის ჩემპიონატზე არავის ჰქონია გიორგიზე მაღალი შეფასება! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მან აბსოლუტურად ყველას აჯობა შეფასებებით, მათ შორის, ტრიუმფატორ ესპანელებს. ყველაზე მაღალი შეფასება გიორგიმ კონკრეტულად ჩეხეთთან მატჩში დაიმსახურა - 9.25.

Whoscored-ის ვერსიით ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრები:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76 ქულა)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო ვილიამსი (ესპანეთი, 7.39)

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ოთხ მატჩში 8 გოლი გაუშვა, ერთხელ კარი მშრალად შეინახა, ხოლო 29 დარტყმა მოიგერია, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე უეფა საუკეთესო მეკარეს არ ასახელებს, უბრალოდ ადგენს სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც ჯერჯერობით, არ შეურჩევიათ.

მამარდაშვილი უეფამ ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გიორგიმ სპეციალური ჯილდოც მიიღო.

0.123913