ფეხბურთი

13:04 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ზედმეტი წნეხი საჭირო არაა, თუმცა წარმატებისთვის პოტენციალი და რესურსი გვაქვს"
"გადავწყვიტე 26 ფეხბურთელი გამომეძახა და თავიდანვე მათთან ერთად მემუშავა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დაწყებამდე მან ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შემდეგ კი, ფრანგმა სპეციალისტმა შეკითხვებს უპასუხა, ისაუბრა, როგორც გაკეთებულ არჩევანზე, ისე ევროპის ჩემპიონატზე და მანამდე დაგეგმილ მოსამზადებელ პერიოდზე:

„ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ოცნება იყო, ახლა კი, ვსაუბრობთ იმაზე, გავალთ ჯგუფიდან თუ არა. პირადად მე, მითამაშია, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ტურნირია. არ მსურს ჩემი ფეხბურთელებისთვის რაიმე კონკრეტული მიზნის ან შედეგის დასახვა, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა ზედმეტი წნეხის დამატება. დარწმუნებული ვარ, რომ შრომით, სწორი მიდგომით გვაქვს ჯგუფიდან გასვლის რესურსი. არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავალთ, მაგრამ რესურსი და პოტენციალი ნამდვილად არის.

აზაროვზე გადაწყვეტილება ჩემთვის ყველაზე რთულად მისაღები იყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ ითამაშა ლევან შენგელიამ ბოლო მატჩებში, ასევე, გიორგი წიტაიშვილმა, როცა მას შანსი მიეცა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი არ გამომეძახებინა.

როდესაც მოთამაშე არ არის გამოძახებული მთავარ სიაში, ხშირად ვარჯიშიც არ სურს. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ვინმე გამოგვაკლდება, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ფეხბურთელი დავიმატოთ, რადგან უეფაში საბოლოო განაცხადის გასაგზავნად დრო 7 ივნისამდე გვაქვს.

თქვენ ალბათ უკვე მიცნობთ და იცით, რომ ჩემი აზრით, ფეხბურთში მნიშვნელოვანია შრომა, დისციპლინა, პროფესიონალი მიდგომა და ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ განვითარებით, რასაც გუნდმა ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მიაღწია. ის 10-დღიანი შეკრება, რომელიც მარტში გვქონდა, ოპტიმალური იყო და ნამდვილად ყველანაირად კმაყოფილი ვიყავი. ისეთი დადებითი გარემო იყო გუნდში, როგორიც არასოდეს ყოფილა. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილი იმ ფეხბურთელის მაგალითია, რომელმაც თავის თამაშში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ გამოასწორა, სულ სხვანაირი მიდგომა აჩვენა და სწორედ ამის დამსახურებაა ის წარმატება, რაც ავსტრიაში აქვს. თუმცა, ასეთი მაგალითი კიდევ ბევრი ფეხბურთელისგან გვაქვს.

იმიტომ გადავწყვიტე, რომ 26-ზე მეტი ფეხბურთელი არ გამომეძახებინა, რომ მე თვითონ ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც მწვრთნელს 28-30 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული და შემდეგ უკვე მწვრთნელს დასჭირდა იმის ახსნა, თუ რატომ არ ხვდებიან ისინი საბოლოო სიაში, ამას კი, ზოგიერთის კარიერაზე უარყოფითი გავლენაც ჰქონია. ვიცი, რომ ყველა მწვრთნელს განსხვავებული მიდგომა აქვს ამასთან დაკავშირებით, ზოგი უფრო მეტ ფეხბურთელს იძახებს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 26 ფეხბურთელი გამომეძახებინა და მათთან მემუშავა. რაც შეეეხება ლევან შენგელიას მდგომარეობას, უკვე ვარჯიშობს სრული დატვირთვით და დარწმუნებული ვარ, მზად იქნება.

უკე ევროპის ჩემპიონატზე სერიოზულ მიღწევაზე ვოცნებობთ, თუმცა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მიყვარს აქ მუშაობა და ქართველი ხალხი. თქვენ მუდმივად წარმატებაზე ოცნებობთ, ეს თქვენი ოპტიმიზმი ჩვენთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს, რადგან ოცნებების და მიზნების გარეშე ცხოვრებაში არაფერი მიიღწევა.

დიახ, ტურნირის განაცხადი 23-დან 26-მდე გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, არიან ფეხბურთელები, რომელთა არგამოძახება ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც გამოძახებული არიან. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ რამდენი ფეხბურთელიც არ უნდა გამოიძახო, იქნება ვიღაც, ვისაც გული დასწყდება, ასევე მეც, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამ მომენტისთვის ეს შემადგენლობა მიმაჩნია ოპტიმალურად.

სატრანსფერო ამბები ფეხბურთელებს ხელს ხომ არ შეუშლის? არავითარ შემთხვევაში, ამ ბიჭებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარებას. ზოგადად, ჩემი აზრით, ეს საკითხი ყველა ნაკრებს ეხება. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, ცხადია, კარგი იქნებოდა, თუ თავიანთ პირად სიტუაციას ტურნირის დაწყებამდე მოაგვარებდნენ, მაგრამ ეს არამგონია პრობლემა იყოს, დარწმუნებული ვარ, მათ სრული კონცენტრაციით შეუძლიათ ჩვენი საერთო მიზნისთვის მუშაობა“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფის მახლობლობლად დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.

0.124934