ძიუდო

19:33 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილის ოქროს მედალი და საქართველოს პირველი ადგილი თბილისის გრანდ სლემზე

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა, რადგან სამიდან ორ წონაში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა ჩემპიონი.

მძიმე წონაში გურამ თუშიშვილმა არავის დაუთმო პირველობა, ხოლო საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა გერმანელ ერიკ აბრამოვს, მონღოლ პერენლეიამც უსუხბაიარს, სლოვაკ მარიუს ფიზელსა და ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს აჯობა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს 51 წამში იპონით აჯობა და კარიერაში პირველად მოიგო თბილისის გრანდ სლემი.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუ და ყაზახი გალიმჟან კრიბკაი დაამარცხა, მერე უშანგი კოკაურთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში ლოსენი კონე დაჯაბნა, შესაბამისად, ბრინჯაოსთვის ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს შეხვდა, რომელსაც ერთ წუთში სძლია იპონით და მედალს დაეუფლა.

მოგეხსენებათ, დღესვე ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური (90 კგ), ასევე ოქროს დაეუფლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100 კგ), ხოლო უშანგი კოკაური აზერბაიჯანის სახელით კი გამოდის, მაგრამ ისიც ქართველია.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა. ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, საბა ინანეიშვილმა კი - ბრინჯაო.

0.122556