ფეხბურთი

2:16 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ისევ წააგო: ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა, რის შედეგადაც „მანჩესტერ სიტის“ და „ლაიფციგს“, „რეალი“, „ბაიერნი“, „ინტერი“ და „სოსიედადი“ შეუერთდნენ - ეს გუნდები უკვე მერვედფინალში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

A ჯგუფში „ბაიერნმა“ „გალათასარაი“ საკუთარ მოედანზე ჰარი კეინის დუბლით მატჩის ბოლოსკენ გატეხა, რის შედეგადაც 12 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან უკვე გავიდა, თანაც, პირველი ადგილიც გაინაღდა...

სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან „კოპენჰაგენს“ და „გალათასარაის“ 4-4 ქულა აქვთ, „მანჩესტერს“ – 3. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ოთხ ტურში სამი მარცხი განიცადა. „წითელი ეშმაკების“ მორიგი ფიასკო დანიაში, „პარკენზე“ იყო, სადაც 3:4 წააგო. არადა, 28-ე წუთისთვის რასმუს ჰოილუნის დუბლით 2:0-ს იგებდა, თითქოს 3 ქულა ადვილად უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ყველაფერი ინგლისელთათვის თავდაყირა დადგა. ჯერ მარკუს რაშფორდი გააძევეს, ხოლო შემდეგ დანიელებმა 2 გოლი გაიტანეს და პირველივე ტაიმეში გაათანაბრეს!

მეორე ნახევარში „მანჩესტერი“ ბრუნო ფერნანდეშის გოლით წინ გავიდა, მაგრამ „კოპენჰაგენმა“ მოახერხა დაქამბექება და საბოლოოდ 4:3 მოიგო... "კოპენჰაგენში" არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომელსაც ტრავმა აქვს. „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის კარში საწყისი ოთხი ტურის ოთხივე მატჩში პენალტი დაინიშნა. ინგლისური გრანდი უმძიმეს დღეშია, მაგრამ მისთვის კარგი ისაა, რომ რეალური შანსი ჯერ კიდევ შერჩა.

„ბაიერნი“ – „გალათასარაი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 კეინი (80), 2:0 კეინი (86), 2:1 ბაკამბუ (90)

„კოპენჰაგენი“ – „მანჩესტერი“ (2:2)

გოლები: 0:1 ჰოილუნი (3), 0:2 ჰოილუნი (28), 1:2 ელიონუსი (45), 2:2 გონსალვეში (45, პენ), 2:3 ბრუნო ფერნანდეში (69, პენ), 3:3 ლერაგერი (83), 4:3 ბარდგი (87)

1. ბაიერნი 4 4 0 0 11 6 5 12
2. კოპენჰაგენი 4 1 1 2 7 8 -1 4
3. გალათასარაი 4 1 1 2 7 9 -2 4
4. მანჩესტერი 4 1 0 3 9 11 -2 3

B ჯგუფში „არსენალმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ, რადგან შინ „სევილია“ 2:0 დაამარცხა და სავარაუდოდ, მიკელ არტეტას გუნდს არათუ მერვედფინალში გასვლა, არამედ პირველი ადგილის დაკავებაც არ გაუჭირდება.

პარალელურად, ლუკ დე იონგის გოლით პს ეინდჰოვენმა „ლანსი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა: პსვ, „ლანსი“ და „სევილია“ დარჩენილ ორ ტურში გაარკვევენ, რომელი გავა პლეი-ოფში.

პსვ ეინდჰოვენი - „ლანსი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დე იონგი (12)

„არსენალი“ – „სევილია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტროსარი (29), 2:0 საკა (64)

1. არსენალი 4 3 0 1 9 3 6 9
2. პს ეინდჰოვენი 4 1 2 1 4 7 -3 5
3. ლანსი 4 1 2 1 4 4 0 5
4. სევილია 4 0 2 2 4 7 -3 2

ჯგუფიდან გავიდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც „ბრაგა“ 3:0 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, გაირკვა, რომ გახურებაზე კეპამ ტრავმა მიიღო და ის ძირითადში ანდრეი ლუნინმა შეცვალა, რომელმაც მატჩის დასაწყისშივე პენალტი მოიგერია, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო... ამის შემდეგ „რეალმა“ მეტოქე მაგრად დაჩაგრა და გამარჯვება ადვილად მოახერხა. ბრაჰიმ დიასმა, ვინისიუსმა და როდრიგომ შეძლეს გატანა. „რეალს“ 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია, პირველი ადგილის დასაკავებლადაც მხოლოდ ქულა სჭირდება.

მეორე ადგილის ბედი ამ ჯგუფში პრაქტიკულად გარკვეულია, რადგან „ნაპოლი“ „ბრაგას“ 4 ქულით უსწრებს და წესით, იტალიური კლუბი, რომელმაც „უნიონ ბერლინს“ ვერ მოუგო, მერვედფინალში გავა.

„რეალი“ – „ბრაგა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიასი (27), 2:0 ვინისიუსი (58), 3:0 როდრიგო (61)

1. რეალი 4 4 0 0 9 3 6 12
2. ნაპოლი 4 2 1 1 6 5 1 7
3. ბრაგა 4 1 0 3 5 9 -4 3
4. უნიონი 4 0 1 3 3 6 -3 1

მერვედფინალში გავიდა D ჯგუფის ორი გუნდი - „სოსიედადი“ და „ინტერი“. ესპანელებმა დღის ნაადრევ შეხვედრაში აჯობეს „ბენფიკას“ (3:1), ხოლო იტალიელებმა სტუმრად ლაუტარო მარტინესის პენალტით „ზალცბურგს“ მოუგეს და აქ ყველაფერი გაირკვა.

„ინტერს“ და „სოსიედადს“ 10-10 ქულა აქვთ და დარჩენილ ტურებში მხოლოდ იმას გაარკვევენ, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. „ზალცბურგს“ 3 ქულა აქვს, „ბენფიკას“ 0 და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

„ზალცბურგი“ – „ინტერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (86, პენ)

1. სოსიედადი 4 3 1 0 7 2 5 10
2. ინტერი 4 3 1 0 5 2 3 10
3. ზალცბურგი 4 1 0 3 3 5 -2 3
4. ბენფიკა 4 0 0 4 1 7 -6 0
0.122072