ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა A ჯგუფში გაიმართა, სადაც კლასიკური დუელი შედგა, რომელიც 2014 წლის მერე გულშემატკივარმა პირველად იხილა.
„ბაიერნმა“ მიუნხენში უმასპინძლა „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელთანაც 1999 წლის ფინალში საშინელი მოგონება აკავშირებს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მიმდინარე სეზონის სტარტზე ცუდად გამოიყურება და მიუნხენშიც უქულოდ დარჩა.
„ბაიერნმა“ 4:3 მოიგო, მაგრამ ანგარიში მაინც ცოტა მატყუარაა - გერმანულ გრანდს უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა და ინგლისელებმა თამაშის დაძაბვა მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხეს.
პირველი გოლი ანდრე ონანას უხეშ შეცდომას მოჰყვა და ლეროი სანემ გახსნა ანგარიში, მალევე სერჟ გნაბრიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის სტარტზე კასპერ ჰოილუნმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ 4 წუთში ჰარი კეინმაც გაუტანა თანამემამულეებს. მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა კაზემირომ. ბრაზილიელის გოლებს შორის ტელმა გაიტანა და 4:3.
გასული სეზონის ფინალისტი „ინტერი“ სან სებასტიანში, „სოსიედადთან“ მარცხს ბეწვზე გადაურჩა. ესპანელები მე-4 წუთიდან 87-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ლაუტარო მარტინესმა სიმონე ინძაგის გუნდს ქულა მოაპოვებინა. ამავე ჯგუფში „ზალცბურგმა“ სტუმრად „ბენფიკას“ 2:0 აჯობა. პორტუგალიელებმა ფაქტობრივად მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარეს და უქულოდ დარჩნენ.
„სევილიამ“ და „ლანსმა“ ერთმანეთს პირველივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს, ხოლო 7-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალი“ დიდებულად დაბრუნდა. მიკელ არტეტას გუნდს „ემირეითსზე“ პსვ ეინდჰოვენი 4:0 გაანადგურა.
მოიგო „ნაპოლიმ“, რომელმაც სტუმრად „ბრაგას“ 2:1 აჯობა. ამ მატჩის შესახებ ცალკე უკვე ვწერდით... ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები 3-4 ოქტომბერს გაიმართება.
„ბაიერნი“ – „მანჩესტერი“ 4:3 (2:0)
გოლები: 1:0 სანე (28), 2:0 გნაბრი (32), 2:1 ჰოილუნი (49), 3:1 კეინი (53), 3:2 კაზემირო (88), 4:2 ტელი (90), 4:3 კაზემირო (90)
„არსენალი“ - პსვ 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 საკა (8), 2:0 ტროსარი (20), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (38), 4:0 ოდეგორი (70)
„სევილია“ – „ლანსი“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ოკამპოსი (9), 1:1 ფულგინი (24)
„ბენფიკა“ – „ზალცბურგი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 სიმიჩი (15), 0:2 გლუხი (51)
„სოსიედადი“ – „ინტერი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 მენდესი (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (87)
„ბრაგა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88)