ფეხბურთი

1:00 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" მოიგო, გარსიამ კვარაცხელია ისევ შეცვალა

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი „ნაპოლიმ“ გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია გაგრძელდა, რუდი გარსიამ კი, ისევ შეცვალა, ამჯერად საკმაოდ ნაადრევადაც.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიაში „ბრაგას“ დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 სძლია. „ნაპოლიმ“ მეტოქეს აჯობა და 3 ქულაც დამსახურებულად მოიპოვა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. საგოლე შეტევა კვარაცხელიამ დაიწყო, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, იქ ვიქტორ ოსიმენმა იბრძოლა და მერე კაპიტანმა გაიტანა.

84-ე წუთზე ბრუმამ გაათანაბრა და თითქოს, ნეაპოლელებს ისევ ვერ უნდა მოეგოთ, მაგრამ 4 წუთში სიკუ ნიაკიტემ ავტოგოლით იტალიელებს მოაგებინა.

კვარაცხელია მოედანზე 66 წუთი იყო. აქტიურობდა, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ისევ არ არის იდეალურ კონდიციაში. რუდი გარსიამ მისი მოედნიდან გაყვანა საკმაოდ ადრე გადაწყვიტა, რეაქცია ქართველს ამჯერადაც უარყოფითი ჰქონდა, ოღონდ, როდესაც სათადარიგო სკამზე დაჯდა, მერე... მანამდე, ფრანგს ხელი კი ჩამოართვა, თუმცა, უკმაყოფილება იმთავითვე ეტყობოდა.

ხვიჩა რომ იდეალურ ფორმაში არ არის, ნათელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ რუდი გარსიასგან იმ ნდობას ვერ გრძნობს, როგორსაც ლუჩანო სპალეტისგან გრძნობდა. ეს ფეხბურთელის თავდაჯერებაზე მოქმედებს.

„ნაპოლი“ მეორე ტურში 3 ოქტომბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, რომელმაც დღეს „უნიონ ბერლინი“ 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ოთხ თამაშში 1 საგოლე პასი აქვს თავის აქტივში, „აძური“ უახლოეს მატჩს სერია A-ში „ბოლონიასთან“ 24 სექტემბერს ჩაატარებს.

„ბრაგა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დი ლორენცო (45), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88)

0.130894