ფეხბურთი

17:35 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად „დინამო ბათუმის“, „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მეტოქეები გაირკვა.

„დინამო ბათუმი“ განთესილი იყო, მეტოქედ კი ალბანური „ტირანა“ ერგო. ეს გუნდი მიმდინარე საუკუნის დასაწყისსა და გასულის მიწურულს „დინამო თბილისს“ რამდენჯერმე შეხვდა. პირველი მატჩი ალბანეთში გაიმართება, საპასუხო - ბათუმში.

ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც განუთესავი იყო, ბოსნიურ „სარაევოს“ შეხვდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში, საპასუხო კი სარაევოში შედგება. სხვათა შორის, ბოსნიურ გუნდში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი თამაშობს.

გორის „დილაც“ განუთესავი იყო, მისი მეტოქე კი სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ იქნება, რომელმაც 2018 წელს „დინამო თბილისი“ დაამარცხა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი ჯერ გასვლაზე ითამაშებს, მერე - შინ.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 13 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი ერთ კვირაში, 20 ივლისს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისს“ მეტოქედ ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა“ ერგო.

0.114635