ფეხბურთი

18:35 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "დე ლაურენტისმა დაამტკიცა, რომ მწვრთნელებს კარგად არჩევს, არც ახლა შეცდება"
"შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს ჩვენ გვეთამაშა და ეს სინანული არსებობს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ (ეს სტატუსი ფორმალობაა, მხოლოდ 30 ივნისამდე) რიმინიში, იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იტალიურ მედიასთან ვრცლად ისაუბრა.

როგორც მან თქვა, აურელიო დე ლაურენტისმა დაამტკიცა, რომ მწვრთნელების კარგად შერჩევა შეუძლია და „ნაპოლის“ პრეზიდენტი არც ამჯერად შეცდება.

„ბევრი ეტაპი გავიარე იმ გზამდე, რომლითაც სკუდეტომდე მივედი. ამ პერიოდში ბევრი ჩემი თანაგუნდელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს მყავდა, ჩემი თანამშრომელი გახდა. გამიმართლა, რომ დიდი ჩემპიონების მომზადება მომიწია და ბევრი ლამაზი თამაში გვქონდა.

რა ძაფი აერთიანებს „ემპოლის“ და „ნაპოლის“ ჩემთვის? ნეაპოლელ ხალხთან წარუშლელი კავშირი წარმოიშვა, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, თუ ვინმე მართლა გიყვარს, უნდა შეგეძლოს მისთვის დროის დათმობა. მთელი ჩემი დრო „ნაპოლის“ და ფეხბურთს დავუთმე. მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც თავი მთლიანად თავის საქმეს მიუძღვნა. თანმიმდევრული მწვრთნელი ვარ და დეფექტების მიღმა მექნება ისეთი თვისებები, რამაც საშუალება მომცა ეს სკუდეტო მომეგო. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა ჩემთვის მომხდარიყო.

„ინტერს“ თუ ვუგულშემატკივრებ დღევანდელ ფინალში? აუცილებლად ვუყურებ ფინალს, რადგან ფეხბურთი მიყვარს და ასევე ვარ გვარდიოლას მეგობარი, რომელმაც, ჩვენ, ყველა მწვრთნელს რაღაც გვასწავლა. „ინტერის“ მეგობარიც ვარ, სადაც ორი ლამაზი წელი გავატარე, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე სხვა გზა ამერჩია, რომელიც აშკარად სწორი აღმოჩნდა.

სინანული, რომ „ნაპოლი“ არ თამაშობს დღევანდელ ფინალში? დიახ, არსებობს სინანული, შეგვეძლო ფინალამდე მისვლა, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა. იმედია, „ნაპოლი“ მომავალში შეძლებს ფინალში გასვლას.

ჩემი მომავალი? ვიმეორებ, წელს შევისვენებ, მერე ვნახოთ, რა სტიმული მექნება, რომ ამ სპორტს რაღაც მივცე. ეროვნულ ნაკრებში მუშაობა? არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმუშავებ. შეიძლება ეს იყოს ავენეში, ემპოლისთან ახლოს, სადაც ახლა ვცხოვრობ და შეიძლება იყოს ნაკრებიც, იგივე გემოს და ენთუზიაზმის განცდაა.

ჩემი შემცვლელი „ნაპოლიში“? არ ვიცი, რა ვთქვა. ბევრ მწვრთნელს ვიცნობ, მაგრამ დე ლაურენტისმა დაამტკიცა, რომ იცის, როგორ აარჩიოს შესანიშნავი მწვრთნელები. ვინჩენცო იტალიანოზე იყო საუბარი? შეიძლებოდა „ნაპოლისთვის“ ის ყოფილიყო სწორი პროფილის მქონე მწვრთნელი, ფინალში ორჯერ გავიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გაიღო. ფინალებს ეპიზოდები წყვეტენ, მაგრამ იქ მოხვედრა ნიშნავს, რომ მან კარგად იმუშავა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლიდან მუშაობდა. ის ოფიციალურად ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი 1 ივლისიდან აღარ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713