„ვალენსია“ ლა ლიგის 36-ე ტურში სტუმრად „მალიორკასთან“ 0:1 დამარცხდა, რის შედეგადაც სიტუაცია ოდნავ გაირთულა. გიორგი მამარდაშვილს გოლში ბრალი არ მიუძღვის, გუნდი კი ორჯერ გადაარჩინა. ესპანური მედიისგან მას დადებითი შეფასება ერგო.
Superdeporte: „ქართველმა მეკარემ მეორე ტაიმში ბაბას შორეული დარტყმა შესანიშნავი სეივით მოიგერია, მაგრამ ვედათ მურიქის დარტყმაზე ვერაფერი გააკეთა“.
Eldesmaruqe: „უპრობლემოდ გაუმკლავდა იმ საფრთხეს, რომელიც პირველ ტაიმში დადგა, მეორე ტაიმში კი ჯადოსნური სეივი ჰქონდა“.
AS: „თამაშში ბევრი საქმე არ ჰქონდა და „მალიორკას“ გოლზე ვერაფერი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგის 36-ვე მატჩი ითამაშა, 42 გოლი გაუშვა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიას“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 40 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს. როგორც ხედავთ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, მე-13 და მე-19 პოზიციებს შორის სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა. „ღამურები“ მომდევნო ტურში 28 მაისს, „ესპანიოლს“ უმასპინძლებენ, რომელიც მე-19 საფეხურზეა, ბოლო ტურში კი სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრება.