საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და საამისოდ ერთი მოგება სჭირდება.
პირველ წრეში საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 4:2 დაამარცხა, რაც გოგონების დამსახურებაა. სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ეთერ ასკილაშვილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს, ხოლო ვაჟებიდან გამარჯვება ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ხოლო გელა ზაალიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდნენ.
მეორე წრეში საქართველოს უფრო რთული ბრძოლა გადახდა ბრაზილიასთან, სადაც ასკილაშვილმა, სომხიშვილმა და ლიპარტელიანმა წააგეს, მაგრამ სამაგიეროდ, ვაჟებმა ყველა ბრძოლა მოიგეს: შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ლუკა მაისურაძემ. შესაბამისად, ყველაფერი მეშვიდე ბრძოლამ გადაწყვიტა, წილისყრით ის მაისურაძემ ჩაატარა, რომელმაც რაფაელ მასედოს მეორედაც აჯობა და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა - 4:3. როგორც ხედავთ, თუ პირველი შეხვედრის გმირები გოგონები იყვნენ, მეორე ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა ვაჟებმა თქვეს.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა, სადაც პირველი ბრძოლა გურამ თუშიშვილმა მოიგო, რომელმაც ბრწყინვალე სტილში იპონით ცაცურუ საიტოს აჯობა. იმ საიტოს, რომელთანაც გუშინ ინდივიდუალურ შეჯიბრში დასანანი მარცხი განიცადა... თუმცა, გურამის გამარჯვების შემდეგ ნაკრების სხვა წევრებმა ვერაფერი გააწყვეს: მიჯრით წააგეს ეთერ ლიპარტელიანმა, კოტე კაპანაძემ, ეთერ ასკილაშვილმა და ლუკა მაისურაძემ, შედეგად, გამარჯვება იაპონიას დარჩა - 4:1.
საქართველომ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკეთის ნაკრებს გაეჯიბრა, რომელიც 4:2 დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ასკილაშვილმა წააგეს, მაგრამ ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა და ბოლოს უკვე იპონით გურამ თუშიშვილმა მოიგეს და საქართველოს მოაგებინეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები ფინალურ ბლოკში, რომელიც 19:00 საათიდან დაიწყება, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მეტოქე კი გერმანიის ნაკრები იქნება.
საქართველო - მონღოლეთი 4:2
ლაშა ბექაური 1:0 ალტანბაგანა განტულგა
სოფიო სომხიშვილი 2:0 ადიასურენ ამარსაიხანი
გელა ზაალიშვილი 2:1 გონჩიგსურენ ბატხუიაგი
ეთერ ლიპარტელიანი 3:1 იჩინხორლოო მუნხტსედევი
ლაშა შავდათუაშვილი 3:2 ერდენებაიარ ბატზაია
ეთერ ასკილაშვილი 4:2 ნიამ-ერდენ ბაცუური
საქართველო ბრაზილია 4:3
სოფიო სომხიშვილი 0:1 ბეატრის სოუზა
გურამ თუშიშვილი 1:1 რაფაელ სილვა
ეთერ ლიპარტელიანი 1:2 რაფაელა სილვა
ლაშა შავდათუაშვილი 2:2 ვილიამ ლიმა
ეთერ ასკილაშვილი 2:3 კეტლინ კუადროსი
ლუკა მაისურაძე 3:3 რაფაელ მასედო
ლუკა მაისურაძე 4:3 რაფაელ მასედო
იაპონია - საქართველო 4:1
ცაცურუ საიტო 0:1 გურამ თუშიშვილი
მომო ტამაოკი 1:1 ეთერ ლიპარტელიანი
სოიჩი ჰაშიმოტო 2:1 კოტე კაპანაძე
მოკა კუგავატა 3:1 ეთერ ასკილაშვილი
გოკი ტაჯიმა 4:1 ლუკა მაისურაძე
საქართველო - უზბეკეთი 4:2
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 შუხურჯონ ამინოვა
ლაშა შავდათუაშვილი 1:1 ობიდხონ ნომონოვი
ეთერ ასკილაშვილი 1:2 გულნოზა მატნიაზოვა
ლუკა მაისურაძე 2:2 მუსო სობიროვი
სოფიო სომხიშვილი 3:2 რინატა ილმატოვა
გურამ თუშიშვილი 4:2 ალიშერ იუსუპოვი
შეგახსენებთ, რომ გუნდურ პირველობამდე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ინდივიდუალურ შეჯიბრში 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა (მაისურაძე-ბექაური), ასევე პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს (გრიგალაშვილი) და ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. გამოსარჩევია, რომ მამაკაცთა შორის, ქალთა შეჯიბრის შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა. მეორე ადგილზე იაპონიის ვაჟთა ნაკრები გავიდა.