უეფას რანგით მესამე ევროტურნირზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა, რომელთა შორის, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხიცაა“, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასის 8 საუკეთესო გუნდს შორის.
კვეკვესკირმა შვედურ „დიურგარდენთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამ თამაშზე უკვე დავწერეთ, ისევე როგორც, გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანის“ დრამატულ მარცხზე პენალტების სერიაში „ბაზელთან“.
„ლეხისა“ და „ბაზელის“ გარდა, მანამდე მომდევნო ეტაპზე გავიდნენ „ფიორენტინა“ და „გენტი“, მათ კი „ალკმაარი“, „ნიცა“, „ანდერლეხტი“ და „ვესტ ჰემი“ შეუერთდნენ.
ლონდონელებმა ლარნაკას აეკ-ს 4:0 აჯობეს, „ვილიარეალმა“ შინ მოულოდნელად წააგო „ანდერლეხტთან“ და გავარდა, „ნიცამ“ ტირასპოლის „შერიფს“ სძლია, ხოლო „ალკმაარმა“ რომის „ლაციო“ დაამარცხა. სხვათა შორის, „ლაციო“ ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროტურნირების მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.
კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური და წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
„ალკმაარი“ – „ლაციო“ 2:1 - ორი მატჩის ჯამში: 4:2
„ნიცა“ – „შერიფი“ 3:1 - ორი მატჩის ჯამში: 4:1
„ვილიარეალი“ – „ანდერლეხტი“ 0:1 - ორი მატჩის ჯამში: 1:2
„ვესტ ჰემი“ – „აეკ“ 4:0 - ორი მატჩის ჯამში: 6:0
„დიურგარდენი“ – „ლეხი“ 0:3 - ორი მატჩის ჯამში: 0:5
„სივასპორი“ – „ფიორენტინა“ 1:4 - ორი მატჩის ჯამში: 1:5
„სლოვანი“ – „ბაზელი“ 2:2 პენ: 1:4 - ორი მატჩის ჯამში: 4:4
„ბაშაკშეჰირი“ – „გენტი“ 1:4 - ორი მატჩის ჯამში: 2:5