„ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ მისი „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ დაამარცხებს. პირველი მატჩი დღეს, 14 თებერვალს გაიმართება პარიზში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
„თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პსჟ-ის ამბებს თვალს ადევნებთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ „ბაიერნმა“ საერთოდ არ უნდა ინერვიულოს. ვერც გნაბრი და ვერც „გუჩი“ (ცხადია, საუბარია გნაბრის პარიზში მოდის კვირეულზე გამგზავრებაზე), ვერც მანუელ ნოიერი და მისი სათხილამურო ფათერაკები, ვერ გადაწონის იმას, რაც პარიზელთა ირგვლივ ხდება.
მესი, ნეიმარი და მათი თანაგუნდელები საფრანგეთის თასს საძულველ მეტოქე „მარსელთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ. ჩემპიონატში „მონაკოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს. ნეიმარის გარშემოც გაუგებრობაა.
მათთან შედარებით „ბაიერნი“ დალაგებულია. ზედიზედ სამი თამაში მოიგო და თავდაჯერებულად გავიდა ქვეყნის თასის შემდგომ ეტაპზე. ბუნდესლიგის ცხრილსაც ლიდერობს.
პსჟ-ს შეუძლია იბრწყინოს, მაგრამ მერე მუდმივად იშლება. ვფიქრობ, „ბაიერნი“ უფრო ძლიერი, კომპაქტური, სწრაფი და მშიერია.
მაგრამ, ეს ორივე გუნდს ეხება: ყველა საზრუნავი თუ პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოიშვა, სასტარტო სასტვენისას მთლიანად დავიწყებას მიეცემა. ”- წერს მათეუსი თავის სვეტში Sky Sport Germany-სთვის.