სხვა

23:48 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანადელმა კრაუფორდმა სუპერ-გიგანტში ოქროს მედალი მოიპოვა

საფრანგეთის კურშეველში მიმდინარე სამთო მოთხილამურთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს, მამაკაცი მოთხილამურეები სუპერ-გიგანტში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მათ შორის საუკეთესო იყო კანადელი ჯეიმს კრაუფორდი, ვინც მეორეზე გასულ ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს სულ რაღაც, 0.01 წამით აჯობა.

კილდე სტარტზე მეცხრე ნომრით გავიდა, მას კი კრაუფორდი მიჰყვა. ფინიშის შემდეგ, ნორვეგიელი გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან მისი დროის გაუმჯობესებას აღარავისგან ელოდა. მაგრამ კრაუფორდმა იმედები გაუცრუა. და მაინც, კილდესთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია.

ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა ადგილობრივი ფავორიტი ალექსის პინტურო, რომელმაც უფრო ადრე, კომბინაციაში მოიპოვა ოქროს მედალი. ის გამარჯვებულს 0.26 წამით ჩამორჩა. ის მერვე ნომრით, კილდეს წინ დაეშვა ფერდობზე და გამარჯვების რეალური იმედი ჰქონდა, მაგრამ მეორე ოქროს მოპოვების საშუალება კილდემ და კრაუფორდმა არ მისცეს.

„ეს არარეალურად მოჩანს, მაგრამ მე მე კიდევ ერთი კანადელი მსოფლიო ჩემპიონი ვარ“, - განაცხადა კრაუფორდმა.

კილდე ფიქრობს, რომ ოქროს მედალი ერთ მოსახვევში დაკარგა, თუმცა აღიარებს, რომ კრაუფორდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა.

მსოფლიო თასის აბსოლუტური ჩათვლის ლიდერი, შვეიცარიელი მარკო ოდერმატი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა, ტრასის კონფიგურაცია შვეიცარიელმა მწვრთნელმა დახაზა, ვინც პირველ რიგში, სწორედ მისი შესაძლებლობები გაითვალისწინა.

კრაუფორდმა შარშან პეკინის ოლიმპიადაზე, კომბინაციაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მაგრამ მსოფლიო თასზე ერთი მოგებაც არ აქვს. ამ სეზონში, მან დაშვების ორი რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12876