ფეხბურთი

1:07 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა, მატჩის შეცვლის უნარი აქვს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან კილიან მბაპესა და ოლივიე ჟირუს შესახებ გამორჩეულად ისაუბრა და შეგირდები შეაქო.

„იოლი მატჩი არ იყო, რადგან პოლონეთის ნაკრები კარგად გახლდათ ორგანიზებული და მეოთხედფინალში გასვლა უნდოდა. ტაქტიკური კორექტირება შევიტანეთ და მერე უკეთ ვითამაშეთ.

მბაპე? მას ბევრი პრობლემის გადაჭრის უნარი აქვს, რაც ჩვენთვის უფრო უკეთესია. 6 დღე გვაქვს მომდევნო მატჩამდე და შეგვიძლია ამოვისუნთქოთ, დავისვენოთ და ცოტა დრო ოჯახთან ერთად გავატაროთ.

მბაპე საუკეთესო ფეხბურთელია? ობიექტური არ ვარ, ფრანგი ვარ და თან მისი მწვრთნელი, მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა. ის ამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, აჩვენა, რომ მატჩის მიმდინარეობის შეცვლის უნარი აქვს.

ჟირუ წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ახლა ამას ბევრი ამბობს, მაგრამ მახსოვს, რომ აკრიტიკებდნენ. ოლივიე ყოველთვის სამაგალითოა თავისი დამოკიდებულებით, ის კრიტიკასაც კარგად იღებს და მას გოლებს გუნდური გამარჯვება ურჩევნია“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში 10 დეკემბერს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.120527