ფეხბურთი

10:25 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ძლიერი, მაგრამ საინტერესო ჯგუფია და ვეცდებით, შანსი ხელიდან არ გავუშვათ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა, რომლის მიხედვით საქართველოს თამაში ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებებთან მოუწევს.

სვანაძის გარდა კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთეს:

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ნამდვილად განსაკუთრებულია. ცხადია, ის, რომ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სანაკრებო ღონისძიება საქართველოში იმართება, უდიდესი ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ. ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით ემზადება მოახლოებული ჩემპიონატისთვის, გუნდს აქვს სურვილი და ვფიქრობ რესურსიც, რომ წარმატებით ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში. ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ წარმატებით თამაშობენ სხვადასხვა ევროპულ ლიგაში და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ფეხბურთისადმი გულშემატკივრებში. ამას გარდა, ამ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს ველოდებით ამჯერად უკვე სხვა ევროპული ნაკებებიდანაც. ასევე, ქვეყნის მასშტაბით იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და გოგონათა და ბიჭების ჩართულობას ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ სპორტის სახეობაში".

ალექსანდრე იაშვილი (ტურნირის ელჩი): "ვულოცავ ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოვყოფ, რომელიც დებიუტანტი იქნება ევრო 2023-ზე. ჩვენ ქვეყანაში დიდი მოლოდინია. გულშემატკვირები ელოდებიან ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელ და მომავალ ვარსკვლავებს. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე ნამდვილი საფეხბურთო გარემო შეიქმნება მომავალი წლის ზაფხულში. ახალგაზრდები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მიხარია, რომ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. ბელგია, პორტუგალია და ნიდერლანდები წამყვანი ნაკრებები არიან და ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო თამაშები იქნება. ჩვენი მიზანია წარმატებას მივაღწიოთ და სიამოვნება და სიხარული მოვუტანოთ ჩვენს გულშემატკივარს".

რამაზ სვანაძე (საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჯგუფია. მოგვიწევს დაპირისპირება ტოპ ნაკრებებთან. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, წარმატებით ვიასპარეზოთ პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე“.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 21 ივნისს პორტუგალიას, 24 ივნისს ბელგიას და 27 ივნისს ნიდერლანდებს შეხვდება. სამივე მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117825