ფეხბურთი

19:32 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "მინდა, "ფეჰერვარისა" და ჩემს გულშემატკივრებს სრული სიმართლე ვუთხრა"

საქართველოს ნაკრებისა და "ფეჰერვარის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც უნგრული კლუბის პირველი გუნდიდან გარიცხეს.

ზივზივაძემ "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ თავისი ყოფილი გუნდის მაისური გადაიცვა, რომელიც ექსთანაგუნდელს გაუცვალა და აგრეთვე, "უიპეშტის" ფანებსაც მიესალმა, რის გამოც ის მკაცრად დასაჯეს. ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ქცევა ინსტიქტური იყო და არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება.

"მსურს, კლუბ "ფეჰერვარის" და ჩემ გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს უიპეშტთან მატჩის შემდეგ მოხდა. თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემ ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტიქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ ფეჰერვარის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც უიპეშტში თამაშის დროს ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემ ნათქვამს და ფეჰერვართან ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს", - დაწერა ბუდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველი ფორვარდი „უიპეშტში“ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თამაშობდა და 14 მატჩში 11 გოლიც გაიტანა, ზაფხულში კი „ფეჰერვარს“ დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან კლუბში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურებში ქართველ ფეხბურთელს ძირითადში თამაშის საშუალება არ მისცემია.

0.122157