ფეხბურთი

20:38 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" პირველ გუნდს ჩამოაშორეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარის“ ხელმძღვანელობამ პირველ გუნდს ჩამოაშორა. ინფორმაცია უნგრული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„უიპეშტთან“ მარცხის შემდეგ, ჩვენმა ფორვარდმა აშკარა უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მიმართ, ამიტომ ის აღარ არის პირველი გუნდის წევრი. ჩვენს კლუბს არ სურს ამ თემაზე დამატებითი განცხადებების გაკეთება“, - წერია განცხადებაში.

გუშინ „ფეჰერვარი“ „უიპეშტს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა (0:1) და მატჩის შემდეგ ზივზივაძე „უიპეშტის“ ფანებს მიესალმა, გარდა ამისა, ყოფილ თანაგუნდელ ვინსენ ონოვოვალს მაისური გაუცვალა, რომელიც გადაიცვა და გასახდელში ასე შევიდა. სწორედ ამ ორმა ჟესტმა „ფეჰერვარის“ ხელმძღვანელობისა და ფანების გაბრაზება გამოიწვია.

28 წლის ქართველი ფორვარდი „უიპეშტში“ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თამაშობდა და 14 მატჩში 11 გოლიც გაიტანა, ზაფხულში კი „ფეჰერვარს“ დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან კლუბში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურებში ქართველ ფეხბურთელს ძირითადში თამაშის საშუალება არ მისცემია.

0.114101