ფეხბურთი

1:07 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბრიუგეს" სასწაული და "ბარსელონას" რთული მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩები ოთხ ქვეჯგუფში გაიმართა. დღის ნაადრევ თამაშებსა და „ნაპოლის“ ტრიუმფზე“ ამსტერდამში, უკვე დავწერეთ, ახლა დანარჩენი ხუთი მატჩის შესახებაც.

A ჯგუფში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ თამაშობს, „ლივერპულმა“ ბრიტანულ დერბიში „რეინჯერსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და მოჰამედ სალაჰმა თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანეს. იურგენ კლოპის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერი კი „ნაპოლია“ 9 ქულით. ალბათ, „რეინჯერსმა“ უკვე დაკარგა შანსი, რადგან ქულა არ აქვს და არც გოლი გაუტანია და ძნელი წარმოსადგენია პლეი-ოფისთვის იბრძოლოს, ხოლო „აიაქსი“ „ნაპოლისთან“ შერცხვენის მიუხედავად, ალბათ, ჯერ კიდევ ბრძოლაშია.

B ჯგუფში სასწაულებს ახდენს „ბრიუგე“, რომელმაც პირველ ტურში „ლევერკუზენს“ მოუგო, მერე სტუმრად „პორტუ“ გაანადგურა (4:0), ხოლო ახლა მადრიდის „ატლეტიკოც“ არ დაინდო და 2:0 დაამარცხა! ბელგიურ კლუბს სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. რაც ყველაზე საინტერესოა უკვე 6 ქულით უსწრებს მდევრებს, რადგან დანარჩენ სამივე გუნდს 3-3 ქულა აქვთ. „პორტუმ“ შინ „ლევერკუზენი“ 2:0 დაამარცხა, თუმცა, ტაიმის ბოლოს პატრიკ შიკს პენალტი რომ არ გაეფუჭებინა, ვინ იცის, მერე რა მოხდებოდა.

C ჯგუფში თითქოს კრიზისში მყოფმა „ინტერმა“ ლა ლიგაში შთამბეჭდავად მოთამაშე „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩის ბედი ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლმა გადაწყვიტა და ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა. იტალიურ გუნდს 6 ქულა აქვს, ხოლო ჩავის გუნდს მხოლოდ 3 და დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად ყურადღებით ყოფნა მოუწევს, თორემ ვინ იცის, „ბარსა“ ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩეს. ლიდერი „ბაიერნია“, აუტსაიდერი „პლზენი“ და წესით, მეორეადგილოსნის ბედი „ინტერსა“ და „ბარსელონას“ შორის უნდა გაირკვეს.

D ჯგუფში უგოლოდ დასრულდა „აინტრახტისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი. შედეგად, აქ ყველა გუნდს რეალური შანსი აქვს, რადგან „სპორტინგი“ 6 ქულით ლიდერია, „მარსელი“ 3 ქულით აუტსაიდერი, ხოლო გერმანული და ინგლისური კლუბების აქტივში 4-4 ქულაა.

„ბრიუგე“ – „ატლეტიკო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სოვა (36), 2:0 ჟუტგლა (62)

„აინტრახტი“ – „ტოტენჰემი“ 0:0 (0:0)

„პორტუ“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ზაიდუ (69), 2:0 გალენო (87)

„ინტერი“ – „ბარსელონა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (45)

„ლივერპული“ – „რეინჯერსი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალექსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)

0.132461