ფეხბურთი

0:56 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" სუპერმატჩი "აიაქსთან": ქართველის გოლი და საგოლე პასი!

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამში "აიაქსი" 6:1 გააცამტვერა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელი და „ნაპოლი“ საოცარ ფორმაში არიან, შეიძლება ითქვას, რომ დაფრინავენ და ეს სულაც არ იქნება გადაჭარბებული.

ნეაპოლურ გუნდს ნიდერლანდებში აქამდე არასდროს ჰქონდა მოგებული, მაგრამ „აიაქსთან“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 6:1 გაანადგურა. კვარამ ამ დაუვიწყარ გამარჯვებაში წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.

მოდით, ჯერ სწორედ კვარაცხელიაზე ვისაუბროთ, რომელმაც 64-ე წუთამდე ითამაშა, მერე კი შეცვლა თავად მოითხოვა, რადგან ფეხში დუშან ტადიჩმა ძალიან უხეშად ჩაარტყა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. შეცვლა მან გოლის გატანისთანავე მოითხოვა. გოლი კი 63-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ჯაკომო რასპადორისთან მაგარი კომბინაცია გაითამაშა და რემო პასვეერთან პირისპირ დარჩენილმა შეაგდო. ეს პირველი ქართული გოლია ჩემპიონთა ლიგაზე 2005 წლის 23 ნოემბრის შემდეგ (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი პსვ ეინდჰოვენთან). კვარამ გოლამდე საგოლე პასიც გააკეთა, კერძოდ, 33-ე წუთზე კუთხური გაითამაშა თანაგუნდელთან, საჯარიმოში ჩააწოდა და ჯოვანი დი ლორენცომ თავით გაიტანა - პასი უნაკლო იყო. ხვიჩას ამ პასამდე ორი მაგარი მომენტი ჰქონდა: ჯერ მე-16 წუთზე შორი მანძილიდან ძალიან მცირედით ააცილა კარს, 10 წუთის მერე კი პასვეერმა ახლო მანძილიდან აჯობა.

რაც შეეხება მატჩს; „აიაქსი“ მოჰამედ კუდუსის გოლით მეცხრე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ მინდორზე ერთადერთი გუნდი იყო. „ნაპოლის“ რიგებიდან გოლები კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გარდა, ჯაკომო რასპადორიმ (ორჯერ), პიოტრ ჟელინსკიმ და ჯოვანი სიმეონემ მიითვალეს.

ამგვარად, „ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო და სეზონში დაუმარცხებელია (9 მოგება, 2 ფრე). ჩემპიონთა ლიგაზე ნეაპოლიტანურ გუნდს 3 თამაშში 9 ქულა აქვს, სამივე მატჩი ფანტასტიკურ სტილში მოიგო („აიაქსთან“ 6:1, „რეინჯერსთან“ 3:0, „ლივერპულთან“ 4:1) და შესაბამისად, 9 ქულით ლიდერია და პლეი-ოფის საგზურთან ძალიან ახლოსაა. მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „აიაქსს“ უმასპინძლებს (12 ოქტომბერს), მანამდე კი სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ესტუმრება.

„აიაქსი“ – „ნაპოლი“ 1:6 (1:3)

გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ჟელინსკი (45), 1:4 რასპადორი (48), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)

0.1198