ფეხბურთი

0:55 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ისევ წააგო, "მილანმა" მძიმე ბრძოლაში მოიგო

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიის სერია A განახლდა. მერვე ტურის სასტარტო შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ დაამარცხა (3:1) და ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. თუმცა, ამ თამაშზე ვრცლად უკვე დავწერეთ, სერია A-ში კიდევ ორი მატჩი შედგა და მათ შესახებ:

„ინტერმა“ „რომას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე, სეზონში მეხუთე, კონკრეტულად იტალიის ჩემპიონატში უკვე მეოთხე მარცხი განიცადა. არადა, „ნერაძური“ ფედერიკო დიმარკოს გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პირველივე ტაიმში პაულო დიბალამ გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში კრის სმოლინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „რომამ“ სეზონი კარგად დაიწყო და 16 ქულა აქვს, ხოლო „ინტერს“ 12 ქულა გააჩნია, თან ანტირეკორდი გაიმეორა: საწყის 8 ტურში უკვე 4 მარცხი აქვს და მსგავსი ცუდი შედეგი 2011-2012 წლების სეზონში ჰქონდა. სიმონე ინძაგის პოზიცია კლუბში მორყეულია, თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ ჯერ მას გათავისუფლება მაინც არ ემუქრება.

მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა „მილანმა“, რომელმაც „ემპოლის“ გასვლაზე ურთულეს ბრძოლაში აჯობა. სტეფანო პიოლის გუნდი 79-ე წუთზე ანტე რებიჩმა დააწინაურა, მაგრამ მთავარი მოვლენები მაინც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში განვითარდა. 92-ე წუთზე ნადიმ ბაირამიმ შეძლო გათანაბრება და თითქოს, „ემპოლის“ მთავარი ფავორიტისთვის ქულები უნდა წაერთმია, მაგრამ 94-ე წუთზე ბალო-ტურემ, ხოლო 97-ე წუთზე რაფაელ ლეაომ „როსონერის“ მაინც მოაგებინეს.

„მილანს“ 17 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერი კი „ნაპოლია“, რომელმაც ამ დროისთვის 20 ქულას მოუყარა თავი.

„ინტერი“ – „რომა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 დიმარკო (30), 1:1 დიბალა (39), 1:2 სმოლინგი (75)

„ნაპოლი“ – „ტორინო“ 3:1 (3:1)

გოლები: 1:0 ანგისა (6), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (44)

„ემპოლი“ – „მილანი“ 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 რებიჩი (79), 1:1 ბაირამი (90), 1:2 ბალო-ტურე (90), 1:3 ლეაო (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129334