ფეხბურთი

18:57 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას მე-5 გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება სერია A-ში

ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო მატჩების შემდეგ საკლუბო დონეზეც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა.

მერვე ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინოს“ უმასპინძლა, კვარაცხელიამ კი თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა, თანაც საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში იმ დროისთვის 3:0 გახადა. ქართველმა შემტევმა პიოტრ ჟელინსკისგან კარგი პასი მიიღო, კარისკენ სივრცე ჰქონდა, რითაც ისარგებლა და მიუხედავად იმისა, რომ საშა ლუკიჩი მის შეჩერებას ყველანაირად ცდილობდა, მაისურზეც ექაჩებოდა, ხვიჩამ ზუსტად დაარტყა.

21 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლელთა პირველ გოლშიც შეიტანა მცირედი წვლილი, რადგან საგოლე შეტევა სწორედ მან დაიწყო, მარიო რუის კარგი პასი მისცა, პორტუგალიელის ჩაწოდებას კი ზამბო ანგისას გოლი მოჰყვა.

კამერუნელმა მე-12 წუთზე დუბლიც შეასრულა, როცა ტურინელებმა კარამდე პრაქტიკულად „მიაცილეს“. „ტორინომ“ პირველი ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო და 1:3 დამარცხდა. კვარა 81-ე წუთზე შეცვალეს და Whoscored-მა მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ანგისას დაუწერა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 5 გოლი დაუგროვდა (8 მატჩში) და ჩირო იმობილეს გაუთანაბრდა, წინ კი მხოლოდ ბოლონიელი მარკო არნაუტოვიჩია 6 გოლით. სხვათა შორის, ხვიჩამ ხუთივე გოლი ღია თამაშიდან გაიტანა (არც პენალტით, არც ჯარიმით), ამასთან სერია A-ში თითოჯერ საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მის აქტივში ორ თამაშში თითო საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტია.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ „ტორინოსთან“ მატჩის დაწყებამდე, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კვარაცხელიას იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციისგან დაწესებული ჯილდო გადასცა, რომელიც ქართველს ერგო როგორც აგვისტოში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს, რადგან აღნიშნული ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ ქართველი აღიარეს.

„ნაპოლის“ სერია A-ს 8 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და ლიდერის პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 ოქტომბერს, სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ შეხვდება. თუმცა, მანამდე, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119031