ფეხბურთი

16:48 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლის" პენალტისტი სჭირდება და ის კვარაცხელია უნდა იყოს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ ორ მატჩში სამი პენალტის გაცუდება საგანგაშოა და ამიტომაც, გუნდს ოფიციალური პენალტისტი უნდა ჰყავდეს.

ალვინო ფიქრობს, რომ ეს ფუნქცია ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მიენიჭოს, რადგან ის გუნდის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია.

„მე პენალტებს კვარაცხელიას დავარტყმევინებდი, ქართველი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. მან ამხანაგურ მატჩში აჩვენა, რომ პენალტის დარტყმა იცის, მაგრამ ცხადია, ჩემპიონთა ლიგა და სერია A გაცილებით მნიშვნელოვანი ტურნირებია. არ მომეწონა სპალეტის განცხადება, როცა თქვა, რომ პენალტს ის შეასრულებს, ვინც კონკრეტულ მომენტში უფრო თავდაჯერებული იქნება. გუნდს უნდა ჰყავდეს „ოფიციალური“ პენალტისტი, დროდადრო ვერ გადაწყვეტ, ვინ მივა პენალტის ნიშნულთან“, - აღნიშნა ალვინომ.

ალვინოს აზრს ეთანხმება კიდევ ერთი ჟურნალისტი მასიმილიანო გალო და ფიქრობს, რომ პენალტები ქართველმა უნდა შეასრულოს:

„სპალეტის „ნაპოლის“ პენალტების პრობლემა აქვს: სეზონში 5 პენალტიდან 3 გააცუდეს. პირადად მე, ვისურვებდი, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულოს, რადგან „აძურის“ შემადგენლობაში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. თუმცა, ცხადია, სპალეტი სხვაგვარად ფიქრობს“, - თქვა გალომ.

0.115803