ფეხბურთი

15:45 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ერთა ლიგის მატჩებზე, ნაკრებში კონკურენციაზე, კვარაცხელიასა და სხვა საკითხებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩების წინ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ვრცლად ისაუბრა მოახლოებულ სანაკრებო ფანჯარასა და ფეხბურთელებზე.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდში კონკურენცია მაღალია, რაც ძალიან დადებითი ნიშანია. მან ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე და თქვა, რომ ლუჩანო სპალეტი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, რომლისგანაც ხვიჩამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი

„ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი მთავარი მეტოქეა ჯგუფში. ვერ გეტყვით, ერთი ქულით კმაყოფილი ვიქნები თუ არა მათთან შეხვედრაში, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ, რაც თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო. ივნისში ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ, მაკედონიაში 3:0 მოვიგეთ, მაგრამ პირველ ტაიმში შეცდომებიც იყო. ახლა სულ სხვა თამაში იქნება და ვეცადოთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ".

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გარშემოა, თუმცა მე ასეთი მიდგომა მაქვს: ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა, რადგან ასე საბოლოო ჯამში საუკეთესო ვერ გახდებოდა. თუ გახსოვთ, როცა „რუბინში“ თამაშობდა, სულ სხვანაირი კომენტარები იყო, აკრიტიკებდნენ კიდეც, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ყურადღება უნდა მივაქციოთ რას ვამბობთ. გარკვეული ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ძალიან მიხარია მისი პროგრესი, მაგრამ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია, თუმცა, ჩვენი ყველასი, როგორც მწვრთნელის, როგორც ფედერაციის, თქვენი როგორც ჟურნალისტების, ერთობლივი პასუხისმგებლობაა, რომ ერთად დავეხმაროთ თავისი მაქსიმუმის გამოვლენაში".

ლუჩანო სპალეტის კომენტარზე, რომელიც კვარაცხელიაზე გააკეთა

"ხვიჩა ისეთი სტილის მოთამაშეა, რომ მოედანზე ბევრი თავისუფლება სჭირდება. ბულგარეთთან თამაშის შემდეგ მეც პრაქტიკულად იგივე ვუთხარი, რომ ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს თამაშის ბედს და მარტო ვერ ითამაშებს. თუმცა, ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, ძალიან მშრომელია და დარწმუნებული ვარ, რომ თავის შეცდომებზე ისწავლის, გამოასწორებს მას და 6 თვის, 2 წლის შემდეგ იმავე შეცდომებს არ დაუშვებს. სპალეტისაც მხოლოდ საუკეთესო უნდა მისთვის. როდესაც არის გარკვეული შეცდომები, ამის შესახებაც უნდა ვისაუბროთ. სპალეტი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, მასთან სწორად ისაუბრებს და დაეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში".

გიორგი მიქაუტაძისა და ლუკა ლოჩოშვილის პროგრესზე

"ბოლო ორი თვის განმავლობაში მიქაუტაძემ და ლოჩოშვილმა ბევრად მოუმატეს. მიქაუტაძემ ივნისში ბევრად უკეთ ითამაშა ერთად ლიგაზე, ვიდრე მანამდე. ლოჩოშვილზე საუბარი რთულია, რადგან მას ნაკრებში ბევრი არ უთამაშია, თუმცა მისი პროგრესიც ნათელია და ჩემთვის უფრო გართულდა გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში, უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდა, არჩევანის საშუალება გვაქვს, რაც ძალიან კარგია".

კონკურენცია შემადგენლობაში

"შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ, თითქმის ყველა პოზიციაზე გვაქვს რამდენიმე არჩევანი, დღეს სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ. მეკარის პოზიციაზეც მყავს ძალიან მაღალი დონის მეკარეები გიორგი ლორიას და გიორგი მამარდაშვილის სახით და მათ შორის კონკურენციაც მაღალი იქნება. ვინ ითამაშებს, ახლა ვერ ვიტყვი. ასევე არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ისეთ ასაკში არიან, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ვერ დაგვეხმარებიან, რაც შეიძლება პრობლემად იქცეს, მაგრამ ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ გუნდში არსებული კონკურენციით".

ლაზარე კუპატაძესა და ნაკრების ახალ მეკარეებზე

"ლაზარე კუპატაძე ამჟამად უგუნდოდაა და ამიტომაც არ გამოვიძახე. თუმცა, როგორც გახსოვთ, როცა შანსი მიეცა, ძალიან კარგად ითამაშა და მომავალშიც მის კანდიდატურად აუცილებლად გავითვალისწინებთ. ნაკრებს დაემატა ახალი სახე შოვნაძის სახით, კერესელიძესაც გამოვიძახებდი ტრავმა რომ არ მიეღო. გარდა ამისა, კიდევ არაერთი კარგი მეკარე გვყავს. როგორც აღვნიშნე, სხვა პოზიციებზეც მაღალი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია".

პლეი-ოფის მეტოქესა და ზურიკო დავითაშვილის "ბორდოში" ტრანსფერზე

"მთავარია რა იქნება დღეს და არა ხვალ. ჩვენი ყურადღება მთლიანად ჩრდილოეთ მაკედონიაზეა მიმართული, მერე უკვე გიბრალტარზე, ხოლო ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჯგუფში ჩვენს პოზიციასა და პლეი-ოფზე. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მასთან დაკავშირებით ვესაუბრე ხალხს საფრანგეთში. „ბორდო“ ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეორე ლიგაშია. საბოლოო ჯამში მისი გადასაწყვეტი იყო სად წავიდოდა. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას პირველ ლიგაში ითამაშებ თუ მეორეში, მთავარი სტაბილურად თამაშია. სწორედ ეს იქნება ზურიკოსთვის მთავარი, რომ დაიმკვიდროს თავი „ბორდოში“ და თუ გუნდიც აღზევდება ლიგა 1-ში, დავითაშვილს კარგი შანსი ექნება, რომ კარიერა დასავლეთ ევროპაში გაიკეთოს და ცხადია, ეს ნაკრებსაც წაადგება".

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე

„მსოფლიოს ჩემპიონატის წარუმატებელი შესარჩევი ციკლის ჯგუფში გვყავდა მეტოქეები, რომლებიც რეიტინგში ჩვენზე მაღლა იდგნენ. ძალიან დასანანი იყო აქ კოსოვოსთან წაგება, სხვა მატჩებიც, თუმცა მაშინაც იყო გარკვეული პროგრესი, მას მერე გუნდიც საკმაოდ შეიცვალა, ახლა შემადგენლობაც განსხვავებულია, ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილებაც მიიღეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სათამაშო სისტემა შევცვალეთ, გუნდი 3-მცველიან ტაქტიკას ძალიან კარგად მოერგო, ახლა კი ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ და კარგი განწყობა გუნდში საიმისოდ, რომ მომავალშიც შედეგებიც კარგი იყოს. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ ვიფიქრებ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზე, ახლა მთავარი ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩია, მომავალზე საუბარი კი რთულია“.

ლუკა გაგნიძის შესახებ

„ბოლო დროს კარგად და მუდმივად თამაშობს, თუმცა პოლონეთსა და თავიდან რუსეთში მას ბევრი არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ის ფაქტორი, რომ რუსეთში თამაშობს, იდეალური არ არის, სრულიად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ კლუბი უნდა შეიცვალოს, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არის, ეს ბინის შეცვლა არაა, კარგი ქვეყანა და კლუბი უნდა იპოვოს, ფედერაციაც ამაში დაეხმარება. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეა და მომავალში ჩვენს ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება".

გიორგი ჩაკვეტაძეზე

"ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კლუბში რეგულარულად თამაშობს, მადლობელი ვარ ვლადიმირ ვაისის, რომელმაც მას ეს შესაძლებლობა მისცა. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენ ის ნაკრებში გამოვიძახეთ, როცა ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, რადგან ნაკრების საკვანძო მოთამაშედ განვიხილავდით. ახლა მისთვის მთავარია გააგრძელოს მუშაობა და წინსვლა, ჩვენ ამაში მხოლოდ დავეხმარებით, დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული. „სლოვანში“ გიორგისთან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა არიან, სამაგალითო პროფესიონალები, ვფიქრობ, რომ მათ რჩევებს უნდა მოუსმინოს, ისინი მისაბაძი ადამიანები არიან, თუმცა საბოლოო ჯამში დაბრუნდება თუ არა ძველი გიორგი ჩაკვეტაძე, მასზე იქნება დამოკიდებული“.

სანდრო ალთუნაშვილის გამოუძახებლობაზე

მოგეხსენებათ, ჩვენ სანდრო უკვე გამოძახებული გვყავდა ნაკრებში, თუმცა არის კონკურენცია და უნდა მივიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. ახლა ისეთი სიტუაცია არ არის, როდესაც ზედიზედ 4 თამაშის ჩატარება გვიწევდა და ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახე, ამჯერად უფრო ნაკლები ფეხბურთელი ავარჩიე. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ის არ იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში და ნაკრებში. აუცილებლად უნდა გააგრძელოს შრომა და დარწმუნებული ვარ, ნაკრებს მომავალში დაეხმარება“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

0.113887