ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო და თავიდან ორი მატჩი გაიმართა: „ჩელსიმ“ ზაგრების „დინამოსთან“ მოულოდნელად 0:1 წააგო, ხოლო „დორტმუნდმა“ „კოპენჰაგენს“ 3:0 აჯობა.
პირველი ტური ექვსი მატჩით გაგრძელდა, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს „პარი სენ ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება იქცევდა. თამაშის დასაწყისი „იუვესთვის“ კატასტროფული იყო, რადგან მეხ-5 და 22-ე წუთებზე კილიან მბაპემ ტურინელთა კარში ორი გოლი გაიტანა. ამ გოლებს შუაში იყო არკადიუშ მილიკის მაგარი მომენტი, როცა ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ გადაარჩინა. თუმცა, „იუვენტუსმა“ პირველი ტაიმი 3-5-2 სქემით ძალიან სუსტად ჩაატარა და 0:2 წააგო. მეორე ნახევარში ალეგრიმ მოედანზე ვესტონ მაკკენი შეუშვა, რომელმაც 53-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში კი დუშან ვლაჰოვიჩს ჰქონდა მაგარი მომენტი, მაგრამ დონარუმა ისევ ბრწყინვალე იყო.
„იუვემ“ იბრძოლა, მაგრამ ვერ გაიტანა, პირიქით, ბოლოს პსჟ უფრო ახლოს იყო გოლთან. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ პსჟ-თან ისტორიაში პირველად წააგო (მეცხრე მატჩში). ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელებმა წარუმატებელი სტარტი აიღეს და ისტორიაში მეორედ წააგეს პირველ ტურში. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ ჰაიფას „მაკაბი“ 2:0 დაამარცხა და ჯგუფს ლიდერობს.
E ჯგუფში, სადაც „ჩელსი“ და ზაგრების „დინამო“ არიან, მეორე შეხვედრა „ზალცბურგსა“ და „მილანს“ შორის გაიმართა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია. ავსტრიელები ოკაფორის გოლით დაწინაურდნენ, რასაც იტალიელებმა ტაიმის ბოლოს სელმაკერსის ზუსტი დარტყმით უპასუხეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ამრიგად, ძლიერ ჯგუფს „დინამო“ ლიდერობს.
კარგად დაიწყო მადრიდის „რეალმა“, რომელმაც გლაზგოში „სელტიკი“ 3:0 დაამარცხა. შოტლანდიელებმა მრისხანე მეტოქეს მხოლოდ პირველი ტაიმი გაუძლეს, მეორე ნახევარში კი კარლო ანჩელოტის გუნდს პრობლემები არ ჰქონია. თუმცა, მადრიდელთათვის ცუდი კარიმ ბენზემას ტრავმაა, რომლის ხარისხი ჯერ უცნობია. უფრო მოულოდნელი იყო ამ ჯგუფის მეორე მატჩის შედეგი, რადგან დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „ლაიფციგი“ 4:1 გაანადგურა.
და ბოლოს, „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც საშინელ ფორმაში მყოფი „სევილია“ მისსავე მოედანზე 4:0 გააცამტვერა. ისე როგორ იქნებოდა, რომ ერლინგ ჰოლანდს არ გაეტანა გოლები - ნორვეგიელი ამჯერად დუბლს დასჯერდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი რვა მატჩი დღეს გაიმართება და ჩვენთვის მთავარი ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტია, „ლივერპულის“ წინააღმდეგ!
E ჯგუფი
„ზალცბურგი“ – „მილანი“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ოკაფორი (28), 1:1 სელმაეკერსი (40)
F ჯგუფი
„ლაიფციგი“ – „შახტარი“ 1:4 (0:1)
გოლები: 0:1 შვედი (16), 1:1 სიმაკანი (57), 1:2 შვედი (58), 1:3 მუდრიკი (76), 1:4 ტრაორე (85)
„სელტიკი“ – „რეალი“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ვინისიუსი (56), 0:2 მოდრიჩი (60), 0:3 აზარი (77)
G ჯგუფი
„სევილია“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ჰოლანდი (20), 0:2 ფოდენი (58), 0:3 ჰოლანდი (67), 0:4 დიასი (90)
H ჯგუფი
„ბენფიკა“ – „მაკაბი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 რაფა სილვა (50), 2:0 გრიმალდო (54)
პსჟ - „იუვენტუსი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 მბაპე (5), 2:0 მბაპე (22), 2:1 მაკკენი (53)