ფეხბურთი

1:23 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: 3 ქართული გოლი კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგას ქართული გუნდები გამოეთიშნენ, ქართველ ლეგიონერებს კი გაცილებით წარმატებული დღე ჰქონდათ. უმეტესობა მათგანის კლუბები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, ამასთან სამმა ქართველმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.

უნგრულმა „ფეჰერვარმა“ გასვლაზე „გაბალასთან“ 1:2 წააგო, მაგრამ შინ 4:1 ჰქონდა მოგებული და მომდევნო ეტაპზეა, სადაც რუმინულ „პეტროკუბს“ შეხვდება. აზერბაიჯანში უნგრელთა ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს.

ნიქოზიის „აპოელმა“ პლოვდივის „ბოტევს“ შინ 2:0 მოუგო (პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია. კვიპროსული გუნდი მომდევნო ეტაპზე „კიზილჟარს“ შეხვდება.

სოლომონ კვირკველიას ბაქოს „ნეფთჩი“ რთულ ვითარებაში იყო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. აზერბაიჯანულმა კლუბმა ერთი კვირის წინ ლიმასოლის „აელთან“ 0:2 წააგო, თუმცა შინ 3:0 იმარჯვა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ბაქოელთა მომდევნო მეტოქე ვენის „რაპიდი“ იქნება.

მომდევნო ეტაპზე გავიდა ყაზახური „კიზილჟარი“, რომელსაც ხორვატულ „ოსიეკთან“ შინ 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ გასვლაზე 2:0 მოიგო. ამაში გიორგი ივანიაძის დიდი წვლილია, რომელიც თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და 2 წუთში გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში გახსნა. ყაზახების რიგებში ელგუჯა ლობჯანიძე მოედანზე 82-ე წუთამდე იყო. როგორც ვთქვით, ყაზახურ გუნდს „აპოელთან“ მოუწევს დაპირისპირება.

გოლი გაიტანა კიდევ ერთმა ქართველმა ანტონ თოლორდავამ, რომლის „რადნიჩკი“ გავარდა. სერბულმა კლუბმა მალტურ „გზირასთან“ შინ 3:3 ითამაშა, სტუმრად 2:2, ხოლო პენალტების სერიაში 1:3 დამარცხდა. თოლორდავამ ამ შეხვედრაში მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში.

კონფერენს ლიგას გამოეთიშა ტალინის „ლევადია“, რომელმაც მალტურ „ჰიბერნიანსს“ ვერ მოუგო (1:1), ორი მატჩის ჯამში კი 3:4 დამარცხდა. ზაქარია ბეგლარიშვილი მოედანზე 64-ე წუთამდე იყო.

სხვათა შორის, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მალტური კლუბი გავიდა...

0.114373