ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად უნგრული „ფერენცვაროში“ დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.
"მიხარია, რომ გუნდს გოლით დავეხმარე. ეს ჩვენი დღე იყო, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 90 წუთია. ნაადრევად ზეიმი საჭირო არაა. ახლა წინ ჩემპიონატის მატჩი გვაქვს და შემდეგ კარგად მოვემზადებით „ფერენცვაროშთან“ საპასუხო საშინაო მატჩისთვის“, - თქვა კაშიამ.
მატჩის შემდეგ კომენტარი „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც გააკეთა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი გაიარეს.
"ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შუა გზაზე ვართ. ბათუმსა და პოდბრეზოვაში გამართული თამაშის შემდეგ ცოტას სჯეროდა ჩვენი, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა, რომ ხარისხი აქვს. მჯერა, რომ თუ ჯანმრთელები ვართ, შეგვიძლია ასე გავაგრძელოთ. „ფერენცვაროშს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, დღეს შესანიშნავი თამაში იყო ორივე მხრიდან. მჯერა, რომ საშინაო მატჩიც ასეთი სულისკვეთებით ვითამაშებთ. დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემმა გუნდმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ აჩვენა“, - აღნიშნა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ „ფერენცვაროში“ 2:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 73-ე წუთიდან. სლოვაკები აგებდნენ, მაგრამ 81-ე წუთზე კაშიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 5 წუთის შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ტიგრან ბარსეგიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბრატისლავაში გაიმართება.