ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რაშიც გურამ კაშიამ წვლილი გოლით, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასით შეიტანა!
ვლადიმირ ვაისის გუნდი უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ სტუმრად შეხვდა და წყვილში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ ბუდაპეშტში მოიგო. უნგრელები 70-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა 81-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა კაშიამ გაათანაბრა. ჯარიმა ტიგრან ბარსეგიანმა ჩააწოდა, შემდეგ ვინსენ დე მარკომ კარის წინ მყოფი კაშია შენიშნა, რომელმაც თავით გაიტანა და გაათანაბრა. 5 წუთის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კარგი დრიბლინგი განახორციელა, პასი ბარსეგიანს მისცა, რომელმაც მეკარისგან შორეული კუთხის ცხრიანი დალაშქრა და სლოვაკეთის ჩემპიონმა 2:1 მოიგო.
კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძე 73-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმს“ დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში აჯობა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა მატჩებზეც: ჰაიფაში, „მაკაბიმ“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. ფინური „ჰიკი“ შინ ჩეხურ „პლზენთან“ 1:2 დამარცხა და ჩეხები მომდევნო ეტაპთან ახლოს არიან, ხოლო დღის ცენტრალური მატჩი კიევის „დინამოსა“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შორის უგოლოდ დასრულდა, ისევე, როგორც გოლი არ გასულა სლოვენიური "მარიბორისა" და ტირასპოლის "შერიფის" დაპირისპირებაში.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელი“ ბულგარეთში, პლოვდივის „ბოტევს“ უგოლოდ დაუზავდა და ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. მურთაზ დაუშვილმა კვიპროსელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს და განაცხადში არ ყოფილა.
აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული წყვილების საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.