ფეხბურთი

15:58 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე გაფრინდაშვილი პოლონურ კლუბში ითამაშებს

ლუბინის „ზაგლებიემ“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა - თორნიკე გაფრინდაშვილი. მხარეებმა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ პოლონელთა პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა ისაუბრეს:

„თორნიკე გაფრინდაშვილი იმ პროფილის ფეხბურთელია, რომელიც პატრიკ შიშის წასვლის შემდეგ გვაკლდა. თამამი, დინამიური, ტექნიკურად ძალიან კარგი და ცაცია ფეხბურთელი. მას ყურადღებით ვაკვირდებოდით და დავრწმუნდით, რომ დიდი პოტენციალი აქვს. მას სჭირდებოდა განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯი, ამიტომ, მოხარული ვართ, რომ „ზაგლებიე“ აირჩია“, - თქვა პრეზიდენტმა მიხალ კიელანმა.

„გადავწყვიტეთ პატრიკ შიშის მსგავსი ფეხბურთელი მოგვეყვანა, ანუ ცაცია, შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით და რომელსაც ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ამ პროფილისაა თორნიკე, რომელსაც რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით. „დინამო ბათუმმა“ ტრანსფერზე მწვანე შუქი აანთო და სწრაფად შევთანხმდით. შიშის შეცვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ ფეხბურთელს ამისთვის საჭირო თვისებები აქვს. წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, რომ ის პატრიკს კარგად შეცვლის“, - აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა პიოტრ ბურლიკოვსკიმ.

თორნიკე გაფრინდაშვილმა კარიერა „სასკოში“ დაიწყო, შემდეგ „გაგრაში“ გადავიდა, ხოლო 2019 წლიდან „დინამო ბათუმის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა. 24 წლის შემტევმა ბათუმელთა მაისურით 91 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

„ზაგლებიემ“ დღესვე გურამ გიორბელიძის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა და მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში „ზაგლებიე“ შინ „სლასკს“ დაუზავდა (0:0), 23 ივლისს კი სტუმრად „ლეგიას“ შეხვდება.

0.116594