ფეხბურთი

14:55 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გურამ გიორბელიძე პოლონურ გუნდში ითამაშებს

გურამ გიორბელიძე კარიერას ლუბინის „ზაგლებიეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია პოლონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა მცველმა „ზაგლებიესთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა ისაუბრეს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება შევძელით. გურამ გიორბელიძე მწვრთნელს მარცხენა მცველის პოზიციაზე დამატებით არჩევანს მისცემს, ის რეგულარულად ხვდება საქართველოს ნაკრებში, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე იქნება“ - განაცხადა „ზაგლებიეს“ პრეზიდენტმა მიხალ კიელანმა.

„მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშის საკმაოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ მოვახერხეთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველის გადაბირება. ძალიან კმაყოფილი ვარ გურამის შეძენით, რადგან ეს იყო ჩვენი პირველი არჩევანი ამ პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ გურამი გუნდს დიდ ენთუზიაზმს, დინამიკას და გამოცდილებას მოუტანს“ - თქვა სპორტულმა დირექტორმა პიოტრ ბურლიკოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძე „ვოლფსბერგერის“ წევრი იყო, რომელსაც 2020 წელს შეუერთდა და პირველ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ხოლო გასული სეზონი იჯარით დრეზდენის „დინამოში“ გაატარა და მოედანზე 18-ჯერ გავიდა. გურამი მანამდე „სიონსა“ და „დილაში“ თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ლუბინის „ზაგლებიეში“ კარიერას „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილიც გააგრძელებს. "ზაგლებიემ" ექსტრაკლასას პირველ ტურში "სლასკთან" შინ 0:0 ითამაშა, მომდევნო ტურში კი 23 ივლისს, "ლეგიას" სტურმად შეხვდება.

0.13017