ფეხბურთი

12:40 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჯიმი ტაბიძე დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ჯიმი ტაბიძე დაიმატა. ინფორმაცია ქართული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის დეტალები და ხანგრძლივობა. ის „დინამოში“ 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საინტერესოა, რომ ზუსტად 1 თვის წინ, 11 ივნისს, ტაბიძის ტრანსფერი ბელგიურმა „კორტრაიკმა“ დაადასტურა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად არ აეწყო და ჯიმიმ კლუბი მალევე დატოვა.

26 წლის მცველი ბოლოს „უფაში“ თამაშობდა, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დატოვა და ბელგიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჯიმი „უფაში“ 2017 წლიდან ირჯებოდა, ხოლო მანამდე „ურალისა“ და „საბურთალოს“ წევრი იყო.

ჯიმი ტაბიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლო დროს ვილი სანიოლის სიაში არ მოხვედრილა, თუმცა ახალი სეზონისთვის მზად იქნება და ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა შორის მოხვედრის შანსიც ექნება.

0.134457