ფეხბურთი

15:28 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნი: "პუტინის ნაკრებთან თამაშსა და რუსეთის ჰიმნის მოსმენაზე უარს ვამბობ!"

პოლონეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარი თქვა.

როგორც გამოცდილმა კიპერმა აღნიშნა, ის უარს ამბობს ვლადიმერ პუტინის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გასვლაზე და რუსეთის ჰიმნის მოსმენაზე.

„ჩემი მეუღლე უკრაინაში დაიბადა, ჩემი შვილის ძარღვებში უკრაინული სისხლია. ჩვენი ოჯახის ნაწილი ჯერ კიდევ უკრაინაშია, ბევრი უკრაინელი ნაცნობი მყავს და ყველა ფანტასტიკური ხალხია. მათ სახეებზე ტანჯვისა და მათი ქვეყნის მიმართ შიშის დანახვა მაფიქრებინებს, რომ არ შემიძლია მშვიდად ვიჯდე და თავი ისე წარმოვიდგინო, თითქოს არაფერი მომხდარა.

როდესაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, მან ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა იცავს - თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მშვიდობას.

26 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთთან უნდა გვეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გული მწყდება ამის წერისას, სინდისი თამაშის უფლებას არ მაძლევს. შენი ქვეყნის წარმოდგენა ყველაზე დიდი პატივია ფეხბურთელის კარიერაში, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. მე უარს ვამბობ იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშზე, რომლებმაც აირჩიეს რუსეთის ღირებულებებისა და პრინციპების წარმოდგენა. უარს ვამბობ მოედანზე გასვლაზე, ჩემი ქვეყნის ფერების ჩაცმაზე და რუსეთის ჰიმნის მოსმენაზე! უარს ვამბობ სპორტში მონაწილეობაზე, რომელიც რუსეთის მთავრობის ქმედებებს ამართლებს.

ვიცი, რომ ჩემი გავლენა შეიძლება მხოლოდ სიმბოლური იყოს, მაგრამ მოვუწოდებ ფიფას და უეფას იმოქმედონ და დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას თავის ქმედებებზე“, - დაწერა შჩესნიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი რუსეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშს არ აპირებენ, სადაც არ უნდა ჩანიშნოს მატჩი უეფამ და ფიფამ.

0.067298