ფეხბურთი

14:21 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია ჩაკვეტაძეზე: "ღირსეული საშინაო დებიუტი, თუ ასე გააგრძელებს, ფანები ისიამოვნებენ"

„ჰამბურგის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს გერმანული ვებგვერდი Mopo.de გამოეხმაურა, რომელმაც 22 წლის ნახევარმცველის საშინაო დებიუტი დადებითაც შეაფასა.

„ზამთარში შეძენილ გიორგი ჩაკვეტაძეს „ფოლკპარკშტადიონზე“, „ჰაიდენჰაიმთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში თამაშის შანსი პირველად მიეცა. ქართველმა რამდენიმე ეპიზოდში მაშინვე აჩვენა, თუ რა შეუძლია და სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა მატჩის შემდეგ მუხრუჭები გამოიყენა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც „ჰამბურგს“ იანვრის ბოლოს „გენტიდან“ იჯარით შეუერთდა, გასულ კვირას „დარმშტადტთან“ 5:0 მოგებულ მატჩში 12 წუთი ითამაშა. მისი სათამაშო დრო „ჰაიდენჰაიმთან“ გაორმაგდა. 66-ე წუთზე ის მოედანზე ფარიდე ალიდუს ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

ნახევარმცველი თამაშში მაშინვე ენერგიით სავსე ჩაერთო. ის ბურთს 26-ჯერ შეეხო, მისი პასების უმეტესობა თანაგუნდელებამდე მივიდე - სიზუსტე 88% იყო. დუელების 88% მოიგო და ძალიან ღირსეული საშინაო დებიუტი ჰქონდა.

„გიორგის აშკარად აქვს პოტენციალი და ამას ისევ და ისევ აჩვენებს. მაგრამ მან ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ადაპტაცია და საკუთარი თავი იპოვოს. ჯერ მხოლოდ ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩვენთანაა. ხანდახან ბურთი დაბლა უნდა შევინარჩუნოთ და მაშინვე წინ არ უნდა გავიქცეთ“, - თქვა მატჩის მერე გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა.

ეჭვგარეშეა, რომ ჩაკვეტაძეს დრო დასჭირდება, რომ ყველა პროცესი გაიგოს, მაგრამ დასაწყისი წარმატებულია. თუ ასე გააგრძელებს, მასთან ერთად არა მხოლოდ „ფოლკსპარკში“ მყოფი ფანები ისიამოვნებენ“, - წერს გამოცემა.

„ჰამბურგს“ 22 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერებს, „ვერდერსა“ და "ზანკტ პაულის" მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ტიმ ვალტერის გუნდი მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენს“ ესტუმრება.

0.107658